ძალადობა არ უნდა გამართლდეს, უნდა დაისაჯონ ეს ადამიანები - ნინი ელიკაშვილი

01.07.21 11:05
ძალადობა არ უნდა გამართლდეს, უნდა დაისაჯონ ეს ადამიანები - ნინი ელიკაშვილი

ვიმედოვნებ, რომ ძალადობა დაუსჯელი არ დარჩება - ამბობს "ტვ პირველის" რეპორტიორი, ნინო ელიკაშვილი, რომელსაც წალკაში გამგებლის ბიძა ფიზიკურად გაუსწორდა. 

"პირველების" ჟურნალისტი ამბობს, რომ არც მისთვის და არც ოპერატორისთვის დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ მიუნიჭებიათ. 

დაახლოებით 5 საათის განმავლობაში ვიმყოფებოდი პოლიციის განყოფილებაში. გამომძიებელს დეტალური ინფორმაცია მივაწოდე, რა მოხდა სოფელში, სადაც გოჩა აფრასიძე დაგვიპირისპირდა. მოგვაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. 

დღეს როგორც გავიგე, ეს ადამიანი დაკავებულია, ვიმედოვნებ, რომ ამ საქმეს საგამოძიებო ორგანო მიიყვანს ბოლომდე, იმიტომ, რომ ძალადობა არ უნდა გამართლდეს და უნდა დაისაჯონ ეს ადამიანები", - აცხადებს ნინი ელიკაშვილი.

მისი თქმით, სამართალდამცველებს ამ დრომდე არ დაუკავებიათ გამგებლის დედა, რომელმაც ჟურნალისტებზე და ოპერატორზე ასევე იძალადა და ამის კადრები "ტვ პირველს" აქვს. 

გოჩა აფრასიძე, რომელმაც ნინო ელიკაშვილს და პაპუნა ხაჩიძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, დაკავებულია. ადგილობრივ ფეოდალს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მას ძალადობის გარდა გამოძიება ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას ედავება.

გოჩა აფრასიძე ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს პოლიციის თვალწინ დაესხა თავს. ჟურნალისტსა და ოპერატორს ხელით შეეხო და სიცოცხლის მოსპობითაც დაემუქრა.

"ტვ პირველი" წალკაში ადგილობრივების მძიმე ვითარების გასაშუქებლად ჩავიდა.  სოფელ წინწყაროში ამბობენ, რომ სოფლის გამგებელმა და მისმა მოძალადე ბიძამ ადგილობრივებს მიწის ნაკვეთები წაართვა და მუნიციპალიტეტის კუთვნილი შენობა-ნაგებობები მიითვისა.