რესპუბლიკური საავადმყოფო უფულოდ დატოვეს - კობახიძის ახალი განკარგულება
რესპუბლიკური საავადმყოფო უფულოდ დატოვეს - ირაკლი კობახიძის ბრძანებით, ქალაქის ცენტრალურ ჰოსპიტალს აუთვისებელ თანხებს ართმევენ.
ქონებას, რომელიც წესით პაციენტების მართვას, სერვისების გაუმჯობესებას და სრულყოფილ სამედიცინო მომსახურებას უნდა მოხმარებოდა, ახლა საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს გადასცემენ.
ახალი პრემიერის განკარგულება 19 თებერვლით არის დათარიღებული. რჩება განცდა, რომ მთავრობამ რესპუბლიკურ საავადმყოფოს საბოლოო განაჩენი გამოუტანა და დემონტაჟი გარდაუვალი იქნება.
კობახიძის ახალ დადგენილებას თეთრხალათიანების პროტესტი მოყვა. ისინი "პირველებთან" ამბობენ, რომ მიღებულ განკარგულებასთან დაკავშირებით აქამდე არანაირ ინფორმაციას არ ფლობდნენ.
რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები დადგენილებას "უცნაურ" ფაქტად აფასებენ და ამიტომ, საკითხთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ელოდებიან.
დღევანდელ მოვლენების კონტექსტში ეს განკარგულება უცნაურია. გუშინ ჰქონდა მამუკა მდინარაძეს ჟურნალისტებთან საუბარი და დაადასტურა, რომ უნდა შედგეს ჩვენი შეხვედრა პრემიერთან და ასევე სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, სადაც უნდა გადაწყდეს საკითხი და მოისმენენ ჩვენს არგუმენტებს. თუ არგუმენტების მოსმენა გინდა, ესე იგი საკითხი არ გაქვს ბოლომდე გადაწყვეტილი და ეს განკარგულება ნიშნავს, რომ გადაწყვეტილი აქვთ ეს საკითხი. განვმარტავ, რა თანხაზეა საუბარი. ეს თანხა იყო გამოყოფილი საავადმყოფოს რეაბილიტაციისთვის, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ სახელმწიფო სერიოზულად ფიქრობდა რეაბილიტაციას და ახლანდელი საუბრები, რომ თურმე ეს შენობა არ ვარგა და არ გამოდგება, 2 წლის წინ როგორ იყო ვარგისი და რანაირად გამოყვეს ეს თანხები. რეაბილიტაცია დაწყებული იყო, მაგრამ ეს თანხები გაიყინა და სხვა რამეში კლინიკა ამ თანხას ვერაფერში ვერ გამოიყენებდა, რადგან ეს იყო მიზნობრივი თანხა და ახლა უბრალოდ წაიღეს უკან. ჩქარობენ, რადგან თუ შეხვედრას მინიშნავ, რომ რაღაც გადაწყდეს, მაშინ 2-3 დღის შემდეგ მიიღე ეს განკარგულება, რა აუცილებლობა იყო ახლა. ჩვენთვის ცოტა უცნაურია, მაგრამ ვნახოთ, მაინც ველოდებით შეხვედრას", - ამბობს მედიკოსი.
ცნობისთვის, გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მისი შუამავლობით პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ამ კვირაში გაიმართება, სადაც მხარეები განიხილავენ კონკრეტულ არგუმენტებს, რომლის საფუძველზეც მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას.