იზღუდება ბრალდებულის და სამართლიანი სასამართლოს უფლება - ლაზარეს ადვოკატი პროცესის გადადებაზე
ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი მიიჩნევს, რომ პროცესის გაურკვეველი ვადით გადადება ბრალდებულის და სამართლიანი სასამართლოს უფლებებს ზღუდავს. ლიკა ბითაძის თქმით, თუ მოსამართლე მარტის დასაწყისში შვებულებიდან არ გამოვა და პროცესს არ დაასრულებს, სახელმწიფოსა და მოსამართლის ქმედებებს სამართლებრივ შეფასებებს მისცემს.
შვებულება არის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება სასამართლოში. მესმის, გასაგებია, თუმცა ასევე ბრალდებულს აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება და თუ მარტის დასაწყისში მაინც არ იქნება პროცესი დასრულებული, ჩვენ უკვე დასკვნითი სიტყვის ეტაპზე ვიყავით შეჩერებული, სადაც უნდა დასრულებულიყო პროცესი, მაშინ უკვე გავაკეთებ მე პირადად, როგორც დაცვის მხარე, სამართლებრივ შეფასებას მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე. არსებობს გონივრული ვადა, იზღუდება პირდაპირ ბრალდებულის უფლება, სამართლიანი სასამართლოს უფლება და მე, დაცვის მხარეს მაქვს ჩემი სუბიექტური აზრი, რაც არის ძლაიან რეალური, რასაც მე ვფიქრობ, თუმცა დაველოდები მაინც მარტის დასაწყისს, - ამბობს ლიკა ბითაძე.
შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი პროცესი გადაიდო. ამის მიზეზი მოსამართლის შვებულებაში გასვლაა. ოჯახი ამტკიცებს, რომ სასამართლო პროცესი განგებ ჭიანურდება.
ლაზარე გრიგორიადისი მარტის აქციების შემდეგ, ერთი წლის წინ დააკავეს. მას ბრალდების მხარე პოლიციელზე თავდასხმას და სხვისი ქონების განადგურებას ედავება. ბრალი დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.