ამოღებულია ჰეროინი, კოკაინი, ალფა-პვპ და სხვა... დაკავებულია, შემომტანები, ე.წ. დამდებები, ნარკორეალიზატორები - სპეცოპერაციის დეტალები
სპეცოპერაცია ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ - ამოღებულია ჰეროინი, კოკაინი, ალფა ალფა-პვპ და სხვა ნარკოტიკული საშუალებები, დაკავებულია, შემომტანები, ე.წ. დამდებები, ნარკორეალიზატორები და სხვა პირები.
ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მიმდინარე წლის დასაწყისიდან შსს-სა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლების მიერ, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 270 პირია დაკავებულია, აქედან 27 ნარკორეალიზატორია.
დაკავებულ პირთა შორის არიან ნარკორეალიზატორები, რომლებიც ტრადიციული - ხელიდან ხელში გასაღების მეთოდით ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას. გარდა ამისა, დაკავებულები არიან ე.წ. დამდებები, რომლებიც სხვადასხვა ლოკაციებზე დადების მეთოდით ასაღებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს. დაკავებულებს შორის, ასევე, არიან ნარკოტიკების საზღვარზე უკანონოდ შემომტანი პირები, რომლებსაც ქვეყანაში სხეულით შემოჰქონდათ სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.
დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ასევე, ირანის, თურქეთის სომხეთის, იორდანიის, რუსეთის, ყაზახეთის, უკრაინის, ბელორუსიის, ერაყისა და ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქეები.
პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან, ასევე, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, მათი ავტომანქანების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები:
„ჰეროინი“, „კოკაინი“ „ალფა პვპ“, „სუბოტექსი“ „სუბოქსინი“,
„მეტადონი“, „მდმა“, „ლსდ“, „მეფედრონი“, „ამფეტამინი“, „ექსტაზი“,
„ჰაშიში“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“.
ბრალდებულებისგან პოლიციამ, ასევე, ნივთმტკიცებად ამოიღო სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- განაცხადა კუპატაძემ.
შეგახსენებთ, რომ ნარკორელიზატორების საიდუმლო სქემის შესახებ მაყურებელმა "შაბათის ეთერიდან" შეიტყო.
გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაშიფრეს ქსელი, რომელიც ნარკორეალიზატორებს ტელეგრამ არხებში აქვთ აწყობილი.