"ამოღებულია "მეტამფეტამინი" და "ჰეროინი"" - პროკურატურამ ბრალი 41 ნარკორეალიზატორს წარუდგინა

23.02.24 19:59
"ამოღებულია "მეტამფეტამინი" და "ჰეროინი"" - პროკურატურამ ბრალი 41 ნარკორეალიზატორს წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბოლო ორი თვის განმავლობაში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 270 პირს ბრალდება წარუდგინა - ბრალდებულთა შორის 41 ნარკორეალიზატორია, რომელთაც სასამართლო ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას, გასაღების მცდელობასა და მომზადებას ედავება.

გამოძიებით დადგინდა, რომ მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ ნარკოტიკებით ვაჭრობდნენ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია უკანონოდ გასაღებული და ლოკაციებზე განთავსებული არაერთი სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორისაა, "მეტამფეტამინი", "ჰეროინი" და სხვა.

ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებისთვის, გასაღების მცდელობისა და მომზადებისთვის ბრალდებული 41 პირიდან, ნარკოტიკული საშუალების გასაღების, გასაღების მცდელობისა და მომზადების ფაქტზე  ბრალდება წარდგენილი აქვს 16 პირს; დიდი ოდენობით და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღების, გასაღების მცდელობისა და მომზადებისთვის -13 პირს; განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებისა და გასაღების მომზადების ფაქტზე - 3 პირს, ხოლო 9 პირს - ,,მარიხუანას“ უკანონო გასაღებისთვის. დანაშაულები სასჯელის სახით 3 წლიდან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულების უმრავლესობას  სასამართლომ პატიმრობა უკვე შეუფარდა. ყველა სხვა დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლოში ასევე მოთხოვნილი იქნება პატიმრობა.

აქვე, საზოგადოების ინფორმირების მიზნით გვინდა განვმარტოთ, რომ საქართველოს პროკურატურა უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს ნარკორეალიზატორების მიმართ და საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათები მათზე არ ვრცელდება. აღსანიშნავია ის შედეგებიც, რაც 2023 წელს სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდა ნარკოდანაშაულთან ბრძოლაში: სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 210 ნარკორეალიზატორის მიმართ, ასევე ამავე დანაშაულზე გამამტყუნებელი განაჩენი უკვე დადგა 183 პირის მიმართ.   

პროკურატურა ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას მომავალშიც გააგრძელებს, - წერს პროკურატურა.

მსგავსი სიახლეები