რუსული სანქცირებული ბანკიდან საქართველოში, სავარაუდოდ, რუბლები ირიცხება - როგორ მუშაობს სქემა?
რუსული სანქცირებული ბანკიდან საქართველოში, სავარაუდოდ, რუბლები ირიცხება - ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს ტრანზაქციების განხორციელება შეუფერხებლად შეუძლიათ. "სბერბანკის" აპლიკაციაში ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოს დროშა უკვე გაჩნდა. რუსი ბლოგერი იტყობინება, რომ ეს უკვე დადასტურებული ინფორმაციაა და ამის დამადასტურებელ ფოტო-მასალასაც აქვეყნებს. პუტინის რეჟიმს გამოქცეული ადამიანები, რუსეთიდან ისევ შეუფერხებლად იღებენ თანხებს.
"პირველები" ცდილობდა საბანკო ასოციაციის წარმომადგენელთან დაკავშირებას, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
როგორ მუშაობს სქემა და როგორ მოხდა, რომ სანქიცრებულ ბანკს, რომელიც სვიფტის საერთაშორისო სისტემიდან გათიშულია, შეუძლია ფული ჩვენს ქვეყანაში გადმორიცხოს? ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეები შუამავლებით სარგებლობენ, რომლებიც ჯერ შავ სიაში არ არიან.
აღნიშნულ ინფორმაციას წერილობით ეხმაურება ეროვნული ბანკი. როგროც ბანკის განცხადებაშია ნათქვამი, მათ მიერ საკითხის შესწავლის შემდეგ, სანქცირებული პირის მიერ ტრანზაქცია არ დაფიქსირებულა. ამავდროულად, ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ ამ საკითხს სწვალობენ და ამბობენ, რომ საბანკო სისტემას მკაცრად აკონტროლებენ.
"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ რუსული ფულის ტრიალი საქართველოში არ კონტროლდება და რომ საქართცველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ოკუპანტმა ჩვენს ქვეყანაში თავი კონფორტულად იგრძნოს.
სწორედ ამ ტიპის საკითხები რომ არ და ვერ დამდგარიყო დღის წესრიგში, ამას ემსახურებოდა ჩვენს მიერ მომზადებული საქართველოს დაცვის აქტი. რუსული ფულის ტრიალი საქართველოში, რომელიც არ კონტროლდება, არის ძალიან დიდი პრობლემა, მათ შორის უსაფრთხოებისთვის და ამიტომ, საქართველოს დაცვის აქტმა ეს სცენარებიც გაითვალისწინა და ამიტომ იყო მნიშვნელოვანი ამ კანონპროექტის კანონად ქცევა. ის, რომ ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ უმოქმედოდ დარჩება ეს საქმეც, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათი ინტერესი არ არის საქართველოს ინტერესების დაცვა, მათი ინტერესია შეუქმნან კონფორტი ოკუპანტს ჩვენს ქვეყანაში", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.