ცხრა დათქმის მნიშვნელოვანი ნაწილია პრეზიდენტი სააკაშვილის თავისუფლება - თინა ბოკუჩავა
„ყველამ კარგად ვიცით, ივანიშვილის პარტია ცხრა დათქმის შემსრულებელი არ არის. ამ თვალსაზრისით “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” აქვს კონკრეტული ხედვები - ეს უკავშირდება სასამართლო რეფორმას, საარჩევნო პროცესს, პოლარიზაციას და პოლიტიკური პროცესების ნორმალიზაციას - ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
როგორც დეპუტატმა პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ქვეყნის ევროპული მომავლის და ევროპული დღის წესრიგის ფარგლებში, ჩვენ შეხვერრაზე პრეზიდენტი სააკაშვილის თავისუფლებაზე ისაუბრეს.
“იცით, რომ პოლიტიკურ პარტიებთან პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა შეხვედრები ევროპულ დღის წესრიგზე და იმ ცხრა დათქმაზე, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს. ამ თვალსაზრისით “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” აქვს კონკრეტული ხედვები და კონკრეტული პროექტები, რომელსაც ასევე გავუზიარებთ პრეზიდენტს და ამ ცხრა დათქმის მნიშვნელოვანი ნაწილია ასევე პრეზიდენტი სააკაშვილის თავისუფლება, ეს უკავშირდება სასამართლო რეფორმას, საარჩევნო პროცესს და ეს, რა თქმა უნდა, უკავშირდება პოლარიზაციას და პოლიტიკური პროცესების ნორმალიზაციას. ამიტომ, რა თქმა უნდა, სწორედ ქვეყნის ევროპული მომავლის და ევროპული დღის წესრიგის ფარგლებში, ჩვენ ვისაუბრეთ პრეზიდენტი სააკაშვილის თავისუფლებაზე.
ჩვენი მხრიდან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხი არის ძალიან პრინციპული, ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის საკითხი და არა მხოლოდ პიროვნული ან პარტიული საკითხი, ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ შეხვედრაზე ვისაუბრეთ პრეზიდენტი სააკაშვილის თავისუფლებაზე, მაგრამ მე არ მივცემ ჩემს თავს უფლებას, რომ პრეზიდენტის ნაცვლად გავაკეთო განმარტებები მის განწყობაზე, ან ჩვენი დისკუსიის დეტალებზე.
ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ ივანიშვილის პარტია არ შეასრულებს ევროკავშირის დათქმებს და ჩვენი ქვეყანა ვერ გახსნის მოლაპარაკებებს ევროკავშირთან. ამიტომ არის გადამწყვეტი ოქტომბრის არჩევნები და ამიტომ, რა თქმა უნდა, აუცილებელია მაქსიმალური მობილიზაცია, რომ ერთობლივი ძალებით შევცვალოთ ხელისუფლება და შემდეგ დაჩქარებული წესით გახდეს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრი.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ