დედაქალაქში ტაქსის მძღოლების პროტესტმა იფეთქა - თვითდასაქმებულებმა კალაძეს წამზომი ჩაურთეს
დედაქალაქში ტაქსის მძღოლების პროტესტმა იფეთქა. თვითდასაქმებული მძღოლები დილიდან ქუჩაში დგანან და დედაქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვენ. ამ წუთებში აქცია რესპუბლიკის მოედანზე გრძელდება. შეკრებილები ამბობენ, რომ ქვეყანაში მონოპოლია ორმა კერძო კომპანიამ, "იანდექსმა" და "ბოლტმა" დაამყარა, რომელიც მძღოლებს გამომუშავებული თანხის 18% სთხოვს.
აქციის მონაწილეების პროტესტის მიზეზი საგზაო ჯარიმებიც გახდა. ამბობენ, რომ თვიდან თვემდე კოლოსალური თანხის გადახდა უწევთ.
ვითხოვთ შეხვედერას ყველა იმ პირთან, კახი კალაძიდან, თბილისის მერიდან დაწყებული, რომელმაც ეს რეფორმა დააანონსა და სისრულეში მოიყვანა. ამ რეფორმას, რეალურად, ძალიან დიდი ხარვეზები აქვს, უსაფრთხოების, პირველ რიგში, როგორც ჩვენი, ასევე მგზავრების. ამ სანქციებმა გამოიწვია უაზროდ დიდი ჯარიმების დაკისრება მძღოლებზე. ეს საქმიანობა, ეს ბიზნესი რაღაც სახით მთავრობიდან რეგულირდებოდეს, ვისაც ეს ეხება. მთავარი მონოპოლისტი კომპანიები არიან"ბოლტი" და "იანდექსი". ეს ისეთი კომპანიებია, რომელტაც ოფიციალურად მძღოლთა მომსახურების ოფისიც კი არ აქვთ. თავსა არ იწუხებენ, ელემენტალურად, რომ კავშირზე გამოვიდნენ, - ამბობს პროტესტის მონაწილე მძღოლი.
ტაქსის მძღოლები მთავრობისგან გამოხმაურებას ორშაბათამდე ელოდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში ტაქსების გაჩერებას აანონსებენ.
რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ მძღოლებს "იანდექსის" და "ბოლტის" წინააღმდეგ სარჩელიც აქვთ მომზადებული.