მინდა, არჩილის დედას თანავუგრძნო და მისი მწუხარება გავიზიარო - ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ანა გუდავას დედა

12.03.24 15:27
მინდა, არჩილის დედას თანავუგრძნო  და მისი მწუხარება გავიზიარო - ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ანა გუდავას დედა

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსნი, რომლის 19 წლის შვილი ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით დააკავეს, საგანგებო განცხადებას ავრცელებს. 

"ჩემო მეგობრებო, განსაცდელით სავსე ურთულეს დღეებს გავდივართ!"- წერს თამარ გუდავა.  

თამარ გუდავა ამტკიცებს, რომ მის შვილს დაკავებისას "არც ერთი მილიგრამი ნარკოტიკი თან არ ჰქონია და არ ჩაუტანია არსად". 

ყოფილი ჩინოვნიკი ვრცელ პოსტში აღნიშნავს, რომ 19 წლის ქალმა თავად გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა. 

უპირველესად მინდა უდიდესი ტკივილით სამძიმარი გამოვხატო გარდაცვლილი არჩილ ბარდაველიძის ოჯახის მიმართ…  მინდა დედას თანავუგრძნო  და მისი მწუხარება გავიზიარო. ამ მდგომარეობაში შეიძლებოდა მეც ვყოფილიყავი... აღმოჩნდა, რომ  ჩვენ ერთად ვართ ამ ომში და მიუხედავად იმისა, რომ ანანო ცოცხალი გადარჩა, ამ ბრძოლაში ორივე დამარცხებულები  ვართ! 

მინდა უდიდესი მადლიერება გამოვხატო ყველა თქვენგანის მიმართ, თქვენი მხარდაჭერა და გვერდით დგომა, ჩემთვის ამ ძალიან რთულ დღეებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია! კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქალაქში გაცილებით დიდი და ბევრია სიკეთე, ძალიან ცოტა - ბოროტება. თქვენს ამ სიყვარულს და მხარდაჭერას მე აუცილებლად დაგიბრუნებთ! 

თითოეული თქვენგანის წინაშე ვალდებულად ვთვლი თავს გაგიზიაროთ… როგორც დედას ერთადერთი რისიც მჯეროდა იყო ის, რაც ბრალდების მხარემაც დაადასტურა.  გამოძიების პირველ ეტაპზე პროკურატურის ვერსიითაც, ჩემს 19 წლის შვილს არც ერთი მილიგრამი არაფერი თან არ ჰქონია და არ ჩაუტანია არსად. ანანო მიუხედავად იმისა რომ თვითონაც ცუდად იყო, თავად გამოიძახა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი არჩილისთვის და იმ დროს მას არ უფიქრია საკუთარი თავის მიმართ რაიმე საფრთხეებზე. დანარჩენი დეტალები იცის ბრალდების და დაცვის მხარემ და მე როგორც დედას სასამართლოს სამართლიანობის და მიუკერძოებლობის იმედი მაქვს.

წლების განმავლობაში, მთელი ჩემი საქმიანობა, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების ძიებას და შექმნას ემსახურებოდა. ყოველთვის ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტი ბავშვი და ახალგაზრდა ჩართულიყო კულტურის სფეროში. ამ გზით მინდოდა მათი ინტერესების და ნიჭის მხარდაჭერა.

ამ განსაცდელმა და ტკივილმა, ჩემთვის ახალ რეალობაში, როგორც დედას სრულიად წარმოუდგენელი ახალი ფუნქცია დამაკისრა. ჩემი და ჩემი შვილის ამ ტკივილიან მდგომარეობაზე  მე დღეიდან ვისაუბრებ ღიად ყველგან,  ბავშვებთან და ახალგაზრდებთან, რომლებიც თანამედროვე რეალობაში ბევრი ცდუნების წინაშე დგანან. მჯერა, რომ სწორედ კონკრეტულ მაგალითებზე მუდმივი და პირისპირ საუბრებით შევძლებთ დავიცვათ ჩვენი შვილები ამ ბოროტი სენისგან.

ახლა სიმართლის დადგენის მოლოდინში მე ჩემს შვილს ყველაზე მეტად ვჭირდები... დედა ვარ და მას ამ სენთან ბრძოლაში  ბოლომდე გავყვები… 

ზოგიერთი ახლა ნოდარ დუმბაძის “თეთრი ბაირღებიდან” ნაკაშიძის დედას რომ ეუბნებიან იმ სიტყვებს მეტყვის: 
...“პირველად ვხედავ საკუთარი შვილის სიმართლეში ასე დაჯერებულ დედას.
მეც ნაკაშიძის დედასავით ვუპასუხებ: 
...“ჩემი შვილი მონასტრის კედელზე მოხატული ფრესკა არ არის, რომ მხოლოდ ერთი მხრიდან უყუროთ, ან საღებავი გადაუსვათ, წაშალოთ და ზედ ახალი ფრესკა დახატოთ...“ 
 
ახლა დაუჯერებელ რეალობაში ახალი და დაუმარცხებელი ძალით მიწევს ცხოვრების გაგრძელება!  ამას მხოლოდ თქვენთან ერთად  შევძლებ! "- წერია განცხადებაში. 

რა წერია საქმის მასალებში?

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ანა გუდავას ბრალი 5 მარტს წარუდგინეს,

საქმის მასალების თანახმად, პირველ მარტს ორმა პირმა პოლიეთილენის პაკეტებში დაფასოებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მიიტანა და მდინარის პირას ე.წ. „ლოკაციებზე“ გასაღების მიზნით განათავსა.

"მათ ტელეფონის ფოტოკამერით, ადგილმდებარეობის კოორდინატების მითითებით, თითოეულ ლოკაციას ფოტოსურათი გადაუღეს, რათა შემდგომში ისინი ნარკოტიკული საშუალებების შემძენი პირებისთვის გადაეგზავნათ", - წერია ოფიციალურ განცხადებაში.

ბრალდების მხარე ირწმუნება, რომ ანა გუდავამ და არჩილ ბარდაველიძემ  მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, რის შემდეგაც ერთ-ერთი მათგანი, 22 წლის ბიჭი სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს თოთხმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

ასევე ნახეთ - საიდან აღმოჩნდა მკვლელი ნარკოტიკები ბარდაველიძეების სახლში, რა მოხდა საბედისწერო დილას? - ექსკლუზიური ინტერვიუ საქმის პროკურორთან

რას ამბობს გარდაცვლილი ბიჭის დედა "შაბათის ეთერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში?

  • გარდაცვლილის დედა აღნიშნავს, რომ ყველაფერი წინა საღამოს სახლში 19  წლის ანა გუდავას მოულოდნელი სტუმრებით  დაიწყო. ანა გარდაცვლილს კარგად იცნობდა, ისინი ბათუმში ბარში ერთად მუშაობდნენ.  სტუდენტი გოგონა აჩიკოს სიკვდილის ერთადერთი თვითმხილველია. 
  • თბილისიდან ჩასული ანა გუდავა იმ ღამით  ბარდაველიძეებთან დარჩა. დედა გვიყვება, რომ ბოლოს  ცოცხალი შვილი  დილით სამსახურში წასვლამდე  ნახა. რამდენიმე საათში კი დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი სახლი პოლიციის ალყაში იყო.  სახლში დაბრუნებულ პენსიონერს 22 წლის შვილის უკვე გარდაცვლილი დახვდა. იქ იყო ანა გუდავაც, რომელმაც დედის მტკიცებით, სასწრაფო დახმარება დაგვიანებით გამოიძახა, რადგან ბიჭის გადარჩენას თავად ცდილობდა.
  • გარდაცვლილის დედა  არ უარყოფს, რომ მისი შვილი ნარკოტიკზე დამოკიდებული ნამდვილად იყო და ამ პრობლემას ოჯახი წლების განმავლობაში ებრძოდა, თუმცა დარწმუნებულია, რომ საბედისწერო დღეს მკვლელი ნარკოტიკი თბილისიდან თერჯოლაში გარდაცვლილს ანა გუდავამ ჩაუტანა, ამიტომ დედა 20 წლის ქალის  სასტიკად დასჯას ითხოვს. 

მსგავსი სიახლეები