წახალისებული ძალადობა უფრო უარეს ძალადობას და ქაოსს იწვევს - დეკანოზი თამაზ ლომიძე

05.07.21 14:37
წახალისებული ძალადობა უფრო უარეს ძალადობას და ქაოსს იწვევს - დეკანოზი თამაზ ლომიძე

"წახალისებული ძალადობა უფრო უარეს და დიდ ძალადობას და ქაოსს იწვევს", - ამის შესახებ დეკანოზი თამაზ ლომიზე  Facebook-ზე წერს და ძალადობას გმობენ. მამა თამაზ ლომიძის თქმით, მიმდინარე ძალადობა წახალისებულია და არაფერი აქვს საერთო ქრისტიანულ რწმენასთან. 

რა საერთო აქვთ ამ მოძალადეებს და ამათ წამხალისებლებს ქრისტესთან ან ქრისტიანობასთან? - სრულიად არაფერი. ამათ რეალურად არც სარწმუნოება ადარდებთ და არც ზნეობა, მხოლოდ საკუთარი ცხოველური ინსტიქტებით, გაუცნობიერებელი შიშებით და ვნებებით არიან მართულნი ველურებივით. ადამიანზე მოძალადე არასოდეს არის ღმერთისკენ და ღმერთისთვის, ეს გამორიცხულია. გონებაჩლუნგებმა დღემდე ვერ შეიგნეს, რომ წახალისებული ძალადობა უფრო უარეს და დიდ ძალადობას და ქაოსს იწვევს. მძიმეა, მაგრამ მოემზადეთ ქვეყანაში უფრო დიდი გაჭირვებისთვის, შიმშილისთვის, უპერსპექტივობისთვის, ჩაკეტილობისთბის, მონობისთვის და უბედური ცხოვრებისთვის. როცა ქვეყანაში ძალადობა წახალისებული და შეწყნარებულია, ეს იქნება ამის მწარე ლოგიკური შედეგი. 

P.S. პოპულარულ მღვდელ შალვა კეკელიას ჰკითხეთ გუშინდელი საბრძოლო მოწოდებების გამო თუ იღებს პასუხისმგებლობას ნაცემი და დასისხლიანებული, მშვიდობიანი ადამიანების წინაშე", - წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე Facebook-ზე.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 5 ივლისს ქაშუეთის ტაძრის ეზოში ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები შეიკრიბნენ. ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.  ჰომოფობები " სირცხვილიას" ოფისშიც შევარდნენ და დაარბიეს.