სასულიერო პირმა თმა მომქაჩა, ახლა მაინც გაგაჩუმებო - ტვ პირველის ჟურნალისტი

05.07.21 22:59
სასულიერო პირმა თმა მომქაჩა, ახლა მაინც გაგაჩუმებო - ტვ პირველის ჟურნალისტი

ტვ პირველის ჟურნალისტი ჰყვება, როგორ გაუსწორდნენ მათ ძალადობრივი ჯგუფები "სირცხვილიას" ოფისში. მირანდა ბაღათურიას თქმით, მასზე პირველმა სასულიერო პირმა იძალადა. "პირველების" კორესპონდენტი იხსენებს, რომ "სირცხვილიას" ოფისში ასევე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც საპატრულო ეკიპაჟების დამატებითი ძალები ადგილზე არ გამოიძახა.

როგორ მოხვდა პოლიციის თანამშრომელი ძალადობრივ ჯგუფებთან ერთად, თუ მას წინასწარ არ ჰქონდა ინფორმაცია ოფისის შესაძლო დარბევის შესახებ, ბაღათურია ამბობს, რომ შსს-მ წინასწარ იცოდა, რომ ეს ადამიანები ოფისში მიდიოდნენ.

პირველად როცა შემოიჭრნენ, პირველი წიხლი მომხვდა მე, გამიზნული წიხლი და მერე უკნიდან თმა მომქაჩა მამაომ და მითხრა, ეხლა მაინც ძლივს გაგაჩუმებო, ჩემმა ოპერატორმა უთხრა, რას აკეთებ ჟურნალისტიაო, ვიყავით ჩაკეტილები მე და ჩემი ოპერატორები, ვიყავი ძალიან დაუცველი, იყო დაუცველი ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, ჩემი ოპერატორი იყო სისხლის გუბეში 20 წუთის განმავლობაში, უმოწყალოდ ურტყამდნენ, მე ვყავდი კიბის მოაჯირზე 15 კაცს გაკავებული, ვკიოდი, არ მოკლათ-თქო, მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ, ტელეფონი გადამიგდეს და 20-მა კაცმა ჩაითრია ლექსო და არ ჩანდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც სცემდნენ", - ამბობს მირანდა ბაღათურია.

შეგახსენებთ, რომ ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები, სასულიერო პირების მონაწილეობით, დღეს ჟურნალისტებს ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ. ნაცემია 50-ზე მეტი ჟურნალისტი, მათ შორის ტვ პირველის ჟურნალისტები და ოპერატორი. ტვ პირველის ოპერატორმა ალექსანდრე ლაშქარავამ თვალის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო.