მიწების უკანონო რეგისტრაციის ფაქტზე 6 პირი დააკავეს - სპეცოპერაცია ქარელში

06.07.21 10:30
მიწების უკანონო რეგისტრაციის ფაქტზე 6 პირი დააკავეს - სპეცოპერაცია ქარელში

ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა ექვსი პირის მიმართ დაიწყო. 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ - ერთმა ბრალდებულმა, მუნიციპალიტეტის მერიის ორი თანამშრომლისა და სამი ცრუ მოწმის დახმარებით, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მოტყუებით დაირეგისტრირა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში მდებარე ოთხი მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 5477 მ2. მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთების საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს 52 678 ლარს.  

უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებისთანავე, დაყადაღებულ იქნა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 362-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

მსგავსი სიახლეები