მაქვს ეჭვი, რომ მოძალადე ჯგუფებთან სახელმწიფო უწყებები თანამშრომლობდნენ - გიორგი თაბაგარი

06.07.21 11:20
მაქვს ეჭვი, რომ მოძალადე ჯგუფებთან სახელმწიფო უწყებები თანამშრომლობდნენ  - გიორგი თაბაგარი

 ,,თანასწორობის მარშის" ორგანიზატორები ეჭვობენ, რომ ინფორმაციას მათი გადაადგილების  შესახებ ჰომოფობიურად განწყობილ მოძალადეებს სუს-ი აწვდიდა. სამოქალაქო აქტივისტები იხსენებენ, რომ გუშინ უსაფრთხოების გამო ადგილსამყოფელი ხუთჯერ შეიცვალეს, მაგრამ რადიკალებმა ხუთივე მისამართზე მიაკითხეს. ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაში კი ავტომობილი ალყაში მოაქციეს და ფიზიკური ანგარისშორებით ემუქრებოდნენ.

გიორგი თაბაგარი ამბობს, რომ მთელი დღის განმავლობაში  შსს უმოქმედო იყო.

ძალიან მძიმე დღე იყო ჩვენთვის. ერთ შენობაში ასაფეთქებელიც შემოაგდეს. ადამიანის უფლებათა სახლში ვიყავით და 4 ჯერ მოგვიწია დატოვება ადგილის ისე, რომ ვიღაც კუდში მოგვდევდა. მაქვს ეჭვი, რომ სახელმწიფო უწყებები თანამშრომლობდნენ ამ ჯგუფებთან. გუშინ ვიხილეთ საერთოდ ,,გაფეილებული" სახელმწიფო. არც ერთი პოლიციელი არ მინახავს ჩემი თვალით გუშინ იმ ინციდენტების დროს, რომლის მონაწილეც მეც ვიყავი და 1 % -იც კი არ მქონდა გადარჩენის შანსი იქ, სადაც აღმოვჩნდი. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ სახელმწიფომ რეალურად კვერი დაუკრა მოძალადე ჯგუფებს, პრორუსულ ჯგუფებს და გუშინდელი დღე იყო ცუდი დღე საქართველოს დემოკრატიისთვის, - ამბობს თაბაგარი. 

თბილის პრაიდის ორგანიზატორების თქმით, მათ ოფისზე თავდასხმის შემდეგ მათ შსს-დან დაუკავშირდნენ და ოფისში მისვლა სთხოვეს, თუმცა უკიდურესად დაძაბული ვითარების გამო, პრაიდის ორგანიზატორები იქ ვერ მივიდნენ.