დმანისის ყოფილი მერის მკვლელობის მცდელობა - პირველი ინტერვიუ ძებნაზე მყოფი პირის ძმასთან
პირველი ინტერვიუ ძებნაზე მყოფი პირის, კობა მენაბდიშვილის ძმასთან. დმანისის ყოფილი მერის მკვლელობის მცდელობაში მხილებული კაცის ოჯახის წევრი ამტკიცებს, რომ მის ძებნილ ძმას მისთვის ქონება არ გადაუფორმებია. დავით მენაბდიშვილის თქმით, მის საკუთრებაში არც ძმის კომპანიაა და არც საკუთარი ძმა უნახავს თვალით.
არ ვიცი სად იმყოფება. რა ნოტარიუსი, რა გადაფორმება, არაფერს არ ვესწრებოდი, გამორიცხულია რასაც ამბობთ", - ამბობს მენაბდიშვილის ძმა პირველებთან.
რა დგინდება "პირველების" მიერ მოპოვებული დოკუმენტებით:
- საჯარო რეესტრის ამონაწერებით, რომელიც "პირველებმა" მოიპოვა, ირკვევა, რომ კობა მენაბდიშვილი, პირი, რომელიც ძებნაზეა გადაცემული და რომელსაც დმანისის ყოფილ მერზე თავდასხმა და მისი ავტომობილის დაზიანება ედება ბრალად, ასევე ის ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლითაც არის ბრალდებული, თბილისში საჯარო აქტებს ახორციელებს.
- მან ბოლოს ასეთი აქტი 18 მარტს ერთ-ერთ საჯარო რეესტრში, თბილისში, განახორციელა. საუბარია უფლებამონაცვლეობის აქტზე, რის შემდეგაც მან წყნეთში არსებული მიწის ნაკვეთი სხვას გადასცა.
- კიდევ ერთი დოკუმენტით, რომელიც 2023 წლის დეკემბრის თვით არის დათარიღებული, ის იმყოფებოდა თბილისში ისანში ნოტარიუსთან, სადაც მის ძმას მის მფლობელობაში არსებული შპს "მაშავერა ჰესი" დაუთმო და დირექტორობის უფლება მიანიჭა.
დმანისის ყოფილ მერს, გიორგი ტატუაშვილს თავს პირველ ნოემბერს დაესხნენ და რამდენჯერმე ესროლეს. ოპოზიციონერი მომხდარში "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული პირებს - ზურაბ ოკმელაშვილსა და კობა მენაბდიშვილს ადანაშაულებს.