კაცი, რომელიც ქალებს ინტიმური შინაარსის ფოტოებს უღებდა და აშანტაჟებდა, მსხვერპლებს ცნობილი ფოტოგრაფის სახელით ეცნობოდა
43 წლის გიორგი ქაროსანიძე, რომელიც ქალებს ინტიმური შინაარსის ფოტოებს უღებდა და აშანტაჟებდა, მსხვერპლებს ცნობილი ფოტოგრაფის, ნუკრი ჯიოშვილის სახელით ეცნობოდა. ინფორმაციას "პირველებთან" თავად ჯიოშვილი ადასტურებს. მისი თქმით, ნანახი აქვს სქრინი, სადაც თვითმარქვია ფოტოგრაფმა მისი სახელით ისარგებლა.
ცნობილი მხატვარი ამბობს, რომ გამოკითხვაზე ის ამ დრომდე არავის დაუბარებია და საგამოძიებო უწყებისთვის არც თავად მიუმართავს.
დიდი ხნის წინ, ფეისბუქზე შეიქმნა ყალბი პროფილი - ჩემი სახელით წერდა გოგონებს, რამდენიმე გოგონამ გადაამოწმა ჩემთან, შეეშალა და ჩემს ნაცნობებსაც კი მიწერა. დავარეპორტე ფეისბუქზე, მეგობრებსაც ვთხოვე რომ დაერეპორტებინა, თუმცა ფეისბუქმა არ გააუქმა ეს ყალბი პროფილი. არავისთვის მიცნობებია (საგამოძიებო უწყებებისთვის)
მე სქრინი მაქვს ნანახი, სადაც წერდა, რომ არის ნუკრი ჯიოშვილი.
თვითონ გამოძიება რატომ არ დაინტერესდა, მიკვირს,“ - ამბობს ჯაოშვილი.
საეკლესიო მაღაზიის მფლობელს 200 ქალის 5 ათასზე მეტი ინტიმური შინაარსის ფოტო აღმოუჩინეს. მათ შორის ფარულად გადაღებული კადრებიც. დაკავებულს გლდანში მდებარე ბინაში ნამდვილი ფოტოსტუდია ჰქონდა მოწყობილი, სადაც ქალებს მოტყუებით აიძულებდა, ინტიმური შინაარსის ფოტოსესიას დათანხმებოდნენ. ეცნობოდა, როგორც ფოტოგრაფი, რომელიც სარეკლამო ფოტოებს იღებდა, შემდეგ კი აშანტაჟებდა და თუ მასთან სქესობრივ კავშირზე უარს იტყოდნენ, გადაღებული კადრების გავრცელებით ემუქრებოდა.