27 ათასი ჯავშანია გაკეთებული აცრაზე, მეტი მოლოდინი გვქონდა - გაბუნია

06.07.21 14:55
27 ათასი ჯავშანია გაკეთებული აცრაზე, მეტი მოლოდინი გვქონდა - გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ჩინურ ვაქცინაზე ამ დროის მონაცემებით 27 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა. 

მოგეხსენებათ, გუშინ დაიწყო მასობრივი ვაქცინაციის კამპანია გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანამ მიიღო მილიონი დოზა ვაქცინა, ნახევარი მილიონი „სინოფარმი“ და ნახევარი მილიონი „სინოვაკი“. გუშინ გაიხსნა რეგისტრაციის პორტალი, ამ ეტაპზე 100 000 ჯავშანი არის გახსნილი, რაც ელოდება მოქალაქეს, რომ გამოიყენოს შესაძლებლობა და მივიდნენ ვაქცინაციისთვის შერჩეულ ცენტრებში. 160 დაწესებულება რის ჩართული ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაციის პროგრამაში. ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ელექტრონული პორტალის, ისე უშუალოდ დაწესებულების ცხელი ხაზის საშუალებით, რაც გამოქვეყნებულია დაავადებათა კონტროლის გვერდზე. აგრეთვე, შესაძლებელია პირდაპირ კლინიკაში ვიზიტი და იქვე მოხდეს მოქალაქის დარეგისტრირება, თუ ის სხვა გზით რეგისტრაციას ვერ ახერხებს.

დაახლოებით 27 000 ჯავშანი იყო დილის მდგომარეობით. შედარებით ნაკლებია, ვიდრე მოლოდინი გვქონდა, მნიშვნელოვანია, ნუ გადადებს მოქალაქე ვაქცინაციას და ჩაეწეროს. მეტის მოლოდინი გვქონდა და ვფიქრობთ, მაჩვენებელი ეტაპობრივად გაიზრდება“, - თქვა გაბუნიამ.