თავდასხმა მედიაზე - დაკავებულია კიდევ 4 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ივლისს “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის კიდევ 4 მონაწილე დააკავა
გამოძიებით დადგინდა, მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, დაკავებულმა ა.ნ.-მ და თ.დ.-მ ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
დაკავებულებმა ი.ქ.-მ და თ.ხ.-მ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორს სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2 ნაწილის "ა" და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
ამ დროისთვის, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მიერ სულ 7 პირია დაკავებული. გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები"- აცხადებენ უწყებაში.