პოლიციის მთავარ სამმართველოში ტვ პირველის რეპორტიორების გამოკითხვა დასრულდა

07.07.21 13:20
 პოლიციის მთავარ სამმართველოში ტვ პირველის რეპორტიორების გამოკითხვა დასრულდა

ამ წუთებში პოლიციის მთავარ სამმართველოდან გამოვიდა გამოკითხვაზე მყოფი ტვ პირველის ჟურნალისტი. მირანდა ბაღათურიამ განაცხადა, რომ პირველების მიერ გადაღებული კადრებისა და მისი ჩვენების საფუძველზე დადგენილი და ამოცნობილია თავდასხმაში მონაწილე კიდევ რამდენიმე პირი.

მიმდინარეობს პირების ამოცნობა, ამოვიცანი 2 თავდამსხმელი, რომელიც ჩემი ჩვენების საფუძველზე დააკავეს. სავარაუდოდ, დღესაც რამდენიმე პირის იდენტიციცირება მოხდება. ეს მოხდა მეტწილად ჩვენს მიერ გადაღებული ვიდეოკადრების საშუალებით, რომელიც 47 წამიანია. თუმცა, მახსოვს ის პირებიც, ვინც კადრებში ვერ მოხვდა. ზუსტად ვიცი, რომ ისინიც იღებდნენ ძალადობაში მონაწილეობას. - ამბობს მირანდა ბაღათურია.

ტვ პირველის ადვოკატის ინფორმაციით, ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია დაზარალებულად ცნეს. ტელევიზიის კუთვნილი დამტვრეული აპარატურა კი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.  

ჟურნალისტების ცემის, ძალადობის, მუქარის და საქმიანობაში ხელშეშლის ბრალდებით სამართალმცველებმა კიდევ 4 პირი დააკავეს - დაკავებულთა შორის ორი პირი ,,ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე, ორი კი ,,მთავარი არხის" ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმის ბრალადებით არის დაკავებული.

პირველების რეპორტიორებზე სასტიკი ანგარიშსწორება „ სირცხვილიას“  ოფისში მოხდა. მირანდა ბაღათურია და ლექსო ლაშქრავა 10 კაციანმა ძალადობრივმა დაჯგუფებამ სცემა, ტექნიკა დაუმტვრია  და თავისუფლება აღუკვეეთა, თუმცა გომელაურის უწყებამ ამ დრომდე მხოლოდ ორი პირის დაკავების გადაწყვეტილება მიიღო. ძალადობაში მონაწილე სხვა პირები ისევ თავისუფლებაზე არიან.