ზიანს მიაყენებს საქართველოს მომავალს ევროკავშირში - სენატორები "ოცნების" მიერ რუსული კანონის დაბრუნებაზე

04.04.24 10:35
ზიანს მიაყენებს საქართველოს მომავალს ევროკავშირში - სენატორები "ოცნების" მიერ რუსული კანონის დაბრუნებაზე

შეერთებული შტატების სენატი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს - სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენელი, ჯიმ რიში და ევროპასთან თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, ჯინ შაჰინი "ოცნების" მიერ რუსული კანონის ხელახლა დაინიცირებას ეხმაურებიან.

სენატორები იმედგაცრუებას გამოთქვამენ მომხდართან დაკავშირებით და დარწმუნებულები არიან, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე რეგრესირდება.

წარმოუდგენლად იმედგამაცრუებელია საქართველოს მთავრობის მიერ უცხოელი აგენტების შესახებ კანონის დაბრუნება. ეს ყველაფერი კიდევ უფრო ყოფს ქვეყანას. ის მსგავსია იმ კანონებისა, რომლებსაც რუსეთი იყენებს სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვისა და პოლიტიკური ოპოზიციის ჩასახშობად. საქართველოში დემოკრატიულ ხელისუფლებას ამის მიზეზი არ უნდა ჰქონდეს. 

ქართველმა ხალხმა 2023 წლის მარტში მასობრივი დემონსტრაციებით უარყო ეს შემოთავაზებული კანონი. ეს კანონპროექტი არა მხოლოდ არასწორი მიმართულებით წაიყვანს პოლიტიკურ პროცესს, არამედ ზიანს მიაყენებს საქართველოს ტრანსატლანტიკურ ინტეგრაციასა და მის მომავალს ევროკავშირში.

ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები გადამწყვეტი მაჩვენებელი იქნება საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უარყოს ეს წინადადება", - ნათქვამია განცხადებაში.

სამ აპრილს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის ნგუნდი, რუსული კანონის მიღებას აპირებს.

"ქართულ ოცნებაში" ითქვა ისიც, რომ რუსული კანონის დაბრუნებას მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.

საგანგებო ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ მედიას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომლსაც ზუსტად 1 წლის წინ საზოგადოების უპრეცენდენტო ვნებათაღელვა მოჰყვა,  პარლამენტში დაინიციირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო ინიციირებული.

ერთადერთი განსხვავება იქნება, რომ ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლდება ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

 ოპოზციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა მოქმედებაზე გადასვლა უკვე დააანონსეს. 

მსგავსი სიახლეები