მოვითხოვთ, შეწყდეს საქართველოს დასავლური სვლის საბოტაჟი - საქართველოს ეროვნული პლატფორმა
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს - პლატფორმა აცხადებს, რომ "ოცნების" მიერ პირობის გატევხითა და რუსული კანონის ხელახლა დაინიცირებით შეურაცხყოფილები არიან.
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა მემორანდუმის მოქმედებას აჩერებს და მოითხოვს, რომ "შეწყდეს საქართველოს დასავლური სვლის საბოტაჟი".
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილნი ვართ მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს. მმართველი გუნდის მიერ კანონპროექტის ხელახალი ინიცირება სახელმწიფო ინტერესებთან, კულტურასთან და ქართულ ტრადიციებთან შეუთავსებელია.
პირობის გატეხვა, სიტყვის უკან წაღება არის რუსეთის პოლიტიკის მახასიათებელი, რომელსაც რუსეთი, ცივილიზებული მსოფლიოს, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ არაერთგზის იყენებდა. ამით საქართველოს და მის თითოეულ მოქალაქეს ადგება რეპუტაციული ზიანი. კანონპროექტის ხელახალი ინიცირება ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას და მისი მიღება საბოლოოდ დაასამარებს საქართველოს მოსახლეობის ისტორიულ მიზანს - გახდეს ევროკავშირის წევრი.
ევროპისკენ მიმავალ გზაზე სვლას ჩვენ, როგორც ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები დღემდე საქართველოს პარლამენტთან დიალოგითაც ვცდილობდით. სწორედ ამ მიზნით გავაფორმეთ თანამშრომლობის მემორანდუმი , რომელიც ევროკავშირის მხრიდან დადებითად შეფასდა, როგორც სამოქალაქო სექტორისა და საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომლობის მაგალითი.
მაგრამ დღეს ,,ქართული ოცნების” მიერ ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტის ინიცირება გვიჭრის გზას, როგორც თანამშრომლობისკენ, ისე ევროინტეგრაციისკენ. საქართველოს ეროვნული პლატფორმა აჩერებს მემორანდუმის მოქმედებას.
მოვითხოვთ, შეწყდეს საქართველოს დასავლური სვლის საბოტაჟი. მმართველმა გუნდმა კვლავ გაიწვიოს ინიცირებული კანონპროექტი. საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები მტკიცედ ვდგავართ ევროინტეგრაციის სადარაჯოზე. ჩვენ ურყევად დავიცავთ დემოკრატიას, თავისუფლებას, სამართლიანობას, თანასწორობას, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და არავის მივცემთ უფლებას დაგვაკარგვინოს არაერთი თაობის ბრძოლით მონაპოვარი ევროპული მომავალი", - ვკითხულობთ განცხადებაში.
სამ აპრილს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის ნგუნდი, რუსული კანონის მიღებას აპირებს.
"ქართულ ოცნებაში" ითქვა ისიც, რომ რუსული კანონის დაბრუნებას მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.
საგანგებო ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ მედიას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომლსაც ზუსტად 1 წლის წინ საზოგადოების უპრეცენდენტო ვნებათაღელვა მოჰყვა, პარლამენტში დაინიციირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო ინიციირებული.
ერთადერთი განსხვავება იქნება, რომ ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლდება ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
ოპოზციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა მოქმედებაზე გადასვლა უკვე დააანონსეს.