"პირველების" ექსკლუზივი: თბილისის საქალაქო სასამართლომ კლანის 4 მოსამართლის ქონების შემოწმების პროცესი გააჩერა
ექსკლუზივი - "პირველების" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ კლანის 4 გავლენიანი მოსამართლის ქონების შემოწმების პროცესი გააჩერა.
სკანდალური მოსამართლეები ანტიკორუფციული ბიუროს იმ 300 კაციან სიაში მოხვდნენ, ვისი ქონებაც გადამოწმდებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, მათ სასამართლოში იჩივლეს და სასამართლოც კლანისთვის მაშველ რგოლად იქცა.
ეს მოსამართლეები არიან: მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, სერგო მეთოფიშვილი და ვასილ მშვენიერაძე.
ახლა მთავარი კითხვაა, რატომ არ სურთ მოსამართლეებს, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ შეამოწმოთ და რა აქვთ მათ დასამალი.
"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში" ამბობენ, რომ ინფორმაცია ანტიკორუფციული ბიუროსგან გამოითხოვეს და სწორედ ანტიკორუფციულმა დაუდასტურა არასამთავრობოს, რომ ოთხმა მოსამართლემ სასამართლოს იმისათვის მიმართა, რომ ანტიკორუფციულმა მათი დეკლარაციები არ შეამოწმოს.
IDFI მოუწოდებს ანტიკორუფციულ ბიუროს გაასაჯაროოს მოსამართლეთა მიერ შეტანილი სარჩელები, ისევე როგორც სასამართლოს მიერ მიღებული შუალედური აქტები და საზოგადოებას მიაწოდოს სრული ინფორმაცია განხილულ ფაქტთან დაკავშირებით.
4 აპრილს ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხი მოსამართლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების პროცესი გააჩერა. ამ მოსამართლეთა შორისაა მათ შორის, აშშ-ს სახელმწიფო დეპარატმენტის მიერ “მნიშვნელოვან კორუფციაში ჩართულობისთვის” სანქცირებული ორი მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე.
2024 წლის 12 იანვარს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შექმნილმა დამოუკიდებლმა კომისიამ შეარჩია 300 თანამდებობის პირი, მათ შორის 27 მოსამართლე, რომელთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაც უნდა შემოწმებულიყო 2024 წელს. კომისიამ ეს გადაწვეტილება მიიღო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის კრიტერიუმების გამოყენებით.
შერჩეულ პირთა სიაში მოხვდნენ მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, სერგო მეთოფიშვილი და ვასილ მშვენიერაძე. ამ მოსამართლეებმა მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვეს კომისიის სხდომის ოქმის ბათილად ცნობა. მოსამართლეებმა, ლიელა ფოლადიშვილმა, ველერიანე ფილიშვილმა, ნინო ბუაჩიძემ და ლელა მილდენბერგერმა შეაჩერეს ჩინჩალაძის, მურუსიძის, მეთოფიშვილისა და მშვენიერაძის დეკლარაციების შემოწმება. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური და პროფესიული პოზიციების მქონე შერჩეული 300 თანამდებობის პირიდან, მხოლოდ მოსამართლეებმა მოითხოვეს მათი ქონების შემოწმების პროცესის შეჩერება.
მოსამართლეები მართლმსაჯულებას ახორციელებენ საქართველოს სახელით, ხოლო მართლმსაჯულება კორუფციისადმი მოწყვლადი ერთერთი სექტორია. ამასთანავე, მიხეილ ჩინჩალაძისა და ლევან მურუსიძის შემოსავლების განსაკუთრებული გულისხმიერებით შესწავლის საჭიროებაზე მიუთითებს საჯაროდ ხელმისაწვდომი არაერთი ინფორმაცია. (სანიმუშოდ იხ. სტუდია მონიტორის სიუჟეტი 2022 წლის 6 აგვისტოს ჟურნალისტური გამოძიება).
კეთილსინდისიერ მოსამართლეს არ უნდა ჰქონდეს წინააღმდეგობა მის დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაციის ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შემოწმების მიმართ. ხოლო მოსამართლეების მიერ თავიანთი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შემოწმების დაბრკოლება სწორედაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, მათ მიერ დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაციის სანდოობაზე.
მოვუწოდებთ ანტიკორუფციულ ბიუროს გაასაჯაროოს მოსამართლეთა მიერ შეტანილი სარჩელები, ისევე როგორც სასამართლოს მიერ მიღებული შუალედური აქტები და საზოგადოებას მიაწოდოს სრული ინფორმაცია განხილულ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს სასამართლოსადმი ნდობას", - აცხადებენ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში.
300 კაციანი სიის შედგენის პროცესში მონაწილეობას იღებდა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართელო". ეკა გიგაურის თქმით, დღეს სასამართლო კლანს ვერც ერთი უწყება ვერ უბედავს შემოწმებას, რადგან "ოცნებას" კლანის" ძალიან ეშინია.
კორუფციისთვის დასანქცირებული მოსამართლები, რა თქმა უნდა, შეეწინააღმდეგებოდნენ იმას, რომ ვიღაცამ შეხედოს მათ დეკლარაციებს და მითუმეტეს ვინმემ შეამოწმოს მათი კეთილსინდისიერება. ისინი არა მხოლოდ ევროლავშირის მოთხოვნებს ეწინააღმდეგებიან, რომ კეთილსინდისიერება შემოწმდეს, არამედ უკვე არსებულ მექანიზმზე ფაქტიურად სასამართლო სისტემას იყენებენ იმისთვის, რომ არავინ არ შეეხოთ მათ.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო ანტიკორუფციული ბიუროსთვის, რომ შემოწმება განეხორციელებინა იმ 300 კაცის, რა სიის შედგენაშიც ჩვენ ვიყავით ჩართულნი. ისინი ისეთი ხელშეუხებელნი არიან, რომ ვერც ერთი უწყება მათ ვერ შეამოწმებთ. ეს არის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური გადაწყვეტილება. კლანს ძალიან მარტივად შეუძლია დააშანტაჟოს "ოცნება", რადგან ისინი დღეს არიან ძალიან ძლიერები და ყველაფერს გააკეთებენ, რომ თავი გადაირჩინონ. ვინ ვის ხელშია, ამასთან დაკავშურებით კითხვის ნიშანი შეიძლება დავსვათ.", - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობის" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.