რადგან მოსამართლეები სასამართლოს ძალით უარს ამბობენ მათი ქონების შემოწმებაზე, კითხვები უფრო მძაფრდება - ჯანეზაშვილი
"სასამართლო გუშაგის" ხელმძღვანელი ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ კლანის 4 გავლენიანი მოსამართლის ქონების შემოწმების პროცესის გაჩერება ძალიან საშიში პრეცედენტია.
ჯანეზაშვილის თქმით, რადგან მოსამართლეები სასამართლოს ძალით უარს ამბობენ მათი ქონების შემოწმებაზე, კითხვები უფრო მძაფრდება სავარაუდო კორუფციასთან დაკავშირებით.
"სასამართლო გუშაგის" ხელმძღვანელი ამბობს, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაა სასამართლოში, ამიტომ საქართველოში მოსამართლეების კეთილსინდისიერების შესწავლის მექანიზმის შექმნას აუცილებლობად მიიჩნევს.
ეს პრეცედენტი არის ძალიან საშიში, იმიტომ, რომ მოსამართლებზე ყველაზე მეტად არსებობს კითხვები მათ ქონებასთან მიმართებაში, ვინაიდან ისინი იხილავენ სხვა ადამიანების საქმეებს. ყველაზე მეტი კითხვები, სწორედ მოსამართლეების გავლენებთან დაკავშირებით არსებობს, რამდენად არის კორუფცია სისტემაში გავრცელებული. რადგან ისინი ამბობენ უარს სასამართლოს ძალით, რომელიც მათ ხელშია, კითხვები კიდევ უფრო მძაფრდება სავარაუდოდ კორუფციის გზით მოპოვებული ქონება, რაც, რა თქმა უნდა, საჭიროებს დამატებით გამოძებას. მოსამართლე ბედავენ და იყენებენ სასამართლოს იმისთვის, რომ მათი ქონებრივი მდგომარეობა არ იყოს გადამოწმებული და შესწავლილი. ძალიან მძიმე მდგომარეობაა სასამართლოში და ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ უნდა შეიქმნას საქართველოში მოსამართლეების კეთილსინდისიერების შესწავლის მექანიზმი. ბევრ მათგანს აქვს შიში, რომ ისინი ამ პროცესს ვერ გაივლიან წარმატებით და ალბათ ურჩევნიათ წინასწარ განაცხადონ, რომ ისინი დატოვებენ თანამდებობას, თუკი ეს პროცესი შეიქმნება", - აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.
"პირვველების" ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ კლანის 4 გავლენიანი მოსამართლის ქონების შემოწმების პროცესი გააჩერა.
სკანდალური მოსამართლეები ანტიკორუფციული ბიუროს იმ 300 კაციან სიაში მოხვდნენ, ვისი ქონებაც გადამოწმდებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, მათ სასამართლოში იჩივლეს და სასამართლოც კლანისთვის მაშველ რგოლად იქცა.
ეს მოსამართლეები არიან: მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, სერგო მეთოფიშვილი და ვასილ მშვენიერაძე.
"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" ინფორმაცია ანტიკორუფციული ბიუროსგან გამოითხოვა და სწორედ ანტიკორუფციულმა დაუდასტურა არასამთავრობოს, რომ ოთხმა მოსამართლემ სასამართლოს იმისათვის მიმართა, რომ ანტიკორუფციულმა მათი დეკლარაციები არ შეამოწმოს.
ახლა მთავარი კითხვაა, რატომ არ სურთ მოსამართლეებს, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ შეამოწმოთ და რა აქვთ მათ დასამალი.