მოსამართლე, რომელმაც დეკლარაციის შემოწმებაზე უარი თქვა, თავს დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლად აცხადებს

05.04.24 15:03
მოსამართლე, რომელმაც დეკლარაციის შემოწმებაზე უარი თქვა, თავს დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლად აცხადებს

მოსამართლე, რომელმაც დეკლარაციის შემოწმებაზე უარი თქვა, თავს დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლად აცხადებს.

სერგო მეთოფიშვილი სკანდალური ამბის გასაჯაროების შემდეგ თავის მართლების რეჟიმშია.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვრცელ განცხადებაში მოსამართლე წერს, რომ მას და მის კოლეგებს არაფრის ეშინიათ და ვერ ხვდება, რატომ მოხვდა ამდენჯერ მონიტორინგის სიაში და აინტერესებს, რა რა ნიშნით ხდება მონიტორინგს დაქვემდებარებული მოსამართლეების შერჩევა.

მსურს გამოვეხმაურო ქართული ე.წ. არასამთავრობო სექტორის და ზოგიერთი ანგაჟირებული მედია-საშუალების მიერ მორიგ, ჭიქაში ატეხილ ქარიშხალს, რომელიც, რატომღაც, ,,სკანდალურ ინფორმაციად“ მოინათლა, არადა - საკითხი, თავისი შინაარსით, უმარტივესია და წარმოადგენს ყოველი ადამიანისათვის კონსტიტუციით გარანტირებული, სასამართლოსათვის მიმართვის უფლების რეალიზაციას იმისათის, რათა საზოგადოებას, ერთხელ და სამუდამოდ, მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია. მივყვები თანმიმდევრულად.

დღეს გავრცელდა ,,სკანდალური ინფორმაცია“, რომ ჩემი და კიდევ 3 კოლეგის მოთხოვნით, სასამართლომ შეაჩერა ჩვენ მიერ წარდგენილი, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების მონიტორინგის პროცესი (სარჩელები 2 კვირაზე მეტია, წარდგენილია სასამართლოში; ალბათ დამთხვევაა, რომ რატომღაც დღეეს გაახსენდათ ამის შესახებ). მავანთა მტკიცებით, ეს თურმე იმის გამოხატულებაა, რომ ჩვენ გვეშინია ჩვენი ქონებრივი მდგომარეობის შემოწმების, რადგან ამ შემოწმებით გამოაშკარავდება ჩვენი ვითომდა კორუმპირებულობის ფაქტი.

დავიწყებ იმით, რომ არც მე და არც ჩემს კოლეგებს არაფრის გვეშინია, მითუმეტეს - ჩვენი ქონებრივი მდგომარეობის კანონმდებლობის შესაბამისად წარმართული შემოწმების პროცედურისა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მე მიჩნდება კითხვები, რომლებიც პასუხგაუცემელია დღემდე და მაფიქრებინებს, რომ ეს მორიგი აჟიოტაჟიც სასამართლოს მიმართ წლების მანძილზე მიმდინარე ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილია.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნო, რომ, აბსოლუტურად დაუსაბუთებლად, საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროსთან არსებული, ე.წ. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთაგან დაკომპლექტებული კომისია ყოველწლიურად ერთსა და იმავე, 40-მდე მოსამართლეს ირჩევს მონიტორინგის განსახორციელებლად. უკვე სათვალავი აგვერია, იმდენჯერ ვიყავით მონიტორინგში და იმდენჯერ მოგვიწია ჩვენი დეკლარაციების სიზუსტის დადასტურება, დამატებით წარდგენილი მტკიცებულებებით. ჩვენი პირველი შეკითხვაც სწორედ ესაა: რატომ და რა ნიშნით ხდება მონიტორინგს დაქვემდებარებული მოსამართლეების შერჩევა? დისკრიმინაციული მოპყრობა განა სხვა რა არის, თუ არა რაციონალური ახსნის გარეშე პირთა გარკვეული ჯგუფისადმი განსხვავებული მოპყრობა?!

ასევე გვაქვს საფუძვლიანი ეჭვიც, რომ ჩვენ მიერ მონიტორინგის პროცესში წარდგენილი, ჩვენი პირადი ცხოვრების საიდუმლოებას მიკუთვნებული, ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციების კონფიდენციალურობა ამ კომისიისაგან დაცული არ არის და ეს ინფორმაცია ხვდება მავანთა ხელში! დეტალებზე ჯერჯერობით არ ვსაუბრობთ, თუმცა - ამ საკითხზე სიღრმისეულად ვისაუბრებთ სწორედ სასამართლო განხილვისას.

ჩვენ დაგვდეს ბრალი, რომ ვაფერხებთ მონიტორინგის პროცესს. ეს მტკნარი სიცრუეა: როგორ უნდა შევაფერხო ჯერ კიდევ წარუდგენელი დეკლარაციის (შემოდგომაზე გვიწევს ძირითადად დეკლარაციების წარდგენა) მონიტორინგი?! ჩემ მიერ სასამართლოსათვის მიმართვის მიზანი არის ერთადერთი: სხვაგვარად, ამ ლეგიტიმურ შეკითხვებზე პასუხებს ვერ მივიღებდით! სარჩელში კიდევ სხვა ნიუანსებიცაა და მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველა ეს საკითხი წამოგვეჭრა სამსჯელოდ სწორედ დეკლარაციების წარდგენამდე, სასამართლო განხილვების ფარგლებში!

და ბოლოს, უცნაურია ე.წ. არასამთავრობო სექტორის ლოგიკა: ჩვენ, აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, ბრალს გვდებენ, რომ თითქოს გავურბივართ ქონებრივი მდგომარეობის შემოწმების პროცესს; თავად კი რამდენიმე გვერდიანი დეკლარაციის წარდგენაც კი არ სურთ მათი დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად! სხვა სიტყვებით, რატომ ითვლება ,,ევროპულ“ სტანდარტად დეკლარაციის საერთოდ შეუვსებლობა, ხოლო საეჭვოდ წარმართულ მონიტორინგზე ლეგიტიმური შეკითხვების დასმა სასამართლო დავის ფარგლებში - ,,ევროინტეგრაციის“ შეფერხებად და, ალბათ, ,,რუსულ“ სტანდარტად?!
გარდა ამისა, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია და წინააღმდეგობრივი ჩვენი ოპონენტების ლოგიკა: თუ არსებული მექანიზმი არაფრისმომცემია და აუცილებელია ე.წ. ვეტინგის შემოღება მოსამართლეთათვის, მაშინ რაღატომღაა ასეთი აჟიოტაჟი ატეხილი ,,არაფრისმომცემი“ პროცედურის ლეგიტიმურობის თაობაზე ჩვენ მიერ დაწყებული დავის შესახებ?"- წერს სერგო მეთოფიშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ კლანის 4 გავლენიანი მოსამართლის ქონების შემოწმების პროცესი გააჩერა. 

სკანდალური მოსამართლეები ანტიკორუფციული ბიუროს იმ 300 კაციან სიაში მოხვდნენ, ვისი ქონებაც გადამოწმდებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, მათ სასამართლოში იჩივლეს და სასამართლოც  კლანისთვის მაშველ რგოლად იქცა. 

ეს მოსამართლეები არიან: მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, სერგო მეთოფიშვილი და ვასილ მშვენიერაძე.

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" ინფორმაცია ანტიკორუფციული ბიუროსგან გამოითხოვა და სწორედ ანტიკორუფციულმა დაუდასტურა არასამთავრობოს, რომ ოთხმა მოსამართლემ სასამართლოს იმისათვის მიმართა, რომ ანტიკორუფციულმა მათი დეკლარაციები არ შეამოწმოს.

ახლა მთავარი კითხვაა, რატომ არ სურთ მოსამართლეებს, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ შეამოწმოთ და რა აქვთ მათ დასამალი. 

მსგავსი სიახლეები