სოციალურ ქსელებში "ოცნებამ" რუსულ კანონთან დაკავშირებული 120-მდე რეკლამა გამოაქვეყნა - რა ინფორმაციას ავრცელებს ISFED

05.04.24 16:39
სოციალურ ქსელებში "ოცნებამ" რუსულ კანონთან დაკავშირებული 120-მდე რეკლამა გამოაქვეყნა - რა ინფორმაციას ავრცელებს ISFED

ფეისბუქის გვერდებსა და ინსტაგრამის ანგარიშებზე რუსულ კანონთან დაკავშირებული 120-მდე რეკლამა გამოქვეყნდა - „რუსული კანონის“ მხარდასაჭერი კოორდინირებული კამპანიის შესახებ ინფორმაციას ინფორმაციას "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" ავრცელებს.

გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მამუკა მდინარაძის მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის ინიცირების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, მთავრობის, „ქართული ოცნების”, პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებისა და ანონიმურად მოქმედი გვერდების მხრიდან სოციალურ მედიაში კანონპროექტის შესახებ დარეკლამებული კამპანია დაიწყო.

2024 წლის 3 აპრილს გამართულ ბრიფინგზე მმართველი პარტიის - „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ე.წ. უცხოური აგენტების კანონის ინიციირებას კვლავ გეგმავს. კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი ადგენს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას, რომლის დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.  

მამუკა მდინარაძის განცხადების შემდეგ მთავრობის, „ქართული ოცნების”, პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებისა და ანონიმურად მოქმედი გვერდების მხრიდან სოციალურ მედიაში კანონპროექტის შესახებ დარეკლამებული კამპანია დაიწყო. რეკლამები განთავსდა გვერდებზე: „საქართველოს მთავრობა", „ქართული ოცნება / Georgian Dream”, „ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze“, „შალვა პაპუაშვილი • Shalva Papuashvili“, „TV Imedi“, „POSTV - ანალიტიკა“, „POSTV - ახალი ამბები“, „ Newshub.ge - ნიუსჰაბი“, „სინამდვილეში“, „ქართული ოცნება ჩემი არჩევანია“, „Bidzina Ivanishvili for Georgia“, „პოლიტიკური სატირა / Political Satire“, „პოლიტიკური აბსურდი“, „აგენტურა“, „ციტატა“, „PrimeNews.Ge”.  

ფეისბუქის გვერდებსა და ინსტაგრამის ანგარიშებზე კანონპროექტთან დაკავშირებული 120-მდე რეკლამა გამოქვეყნდა. მათ შორის, საინფორმაციო ბარათები („ქარდები”), რომლებშიც მანიპულაციურადაა ახსნილია, თუ რას გულისხმობს კანონპროექტი და მითითებულია, თუ ვისზე გავრცელდება ის. გავრცელებული გზავნილებით აპელირება ხდება ფინანსური გამჭვირვალობის აუცილებლობაზე და მიჩქმალულია ზოგადი კონტექსტი.  

პროსახელისუფლებო გვერდებზე დარეკლამებული პოსტების უმრავლესობა „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებებია. მხოლოდ ერთ გვერდზე - „POSTV - ახალი ამბები“ მამუკა მდინარაძის, შალვა პაპუაშვილის, ირაკლი კობახიძისა და საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებებიდან 40-ზე მეტი ციტატაა დარეკლამებული. განცხადებებში „ქართული ოცნების“ წევრები სამოქალაქო და დონორ ორგანიზაციებს ფინანსების გასაჯაროებაზე უარის თქმაში ადანაშაულებენ.

3-4 აპრილს პროსახელისუფლებო აქტორებისა და ანონიმური გვერდების მიერ დარეკლამებული პოსტების ნაწილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, დონორი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის მადისკრედიტირებელ გზავნილებს მოიცავს. პოსტების ნაწილი, ამავდროულად, სექსისტური და ჰომოფობიური შინაარსისაა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მხარდამჭერ კამპანიაში, მმართველი პარტიის ეროვნულ და ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტების ორგანოებში დასაქმებული საჯარო მოხელეებიც ჩაერთნენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივ თვითმმართველობაში ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულმა პირებმა ფეისბუქის პირად ანგარიშზე იდენტური საინფორმაციო ბარათებიგამოაქვეყნეს. „სამართლიანმა არჩევნებმა“ 30 მუნიციპალიტეტის ორგანოში დასაქმებული 96 საჯარო მოსამსახურე გამოავლინა, რომლებმაც 3-4 აპრილის განმავლობაში ფეისბუქის პირად ანგარიშზე იდენტური „ქარდები” საჯარო პოსტის სახით გამოაქვეყნეს.

კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველად გასულ წელს, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი დეპუტატების ჯგუფის, „ხალხის ძალის“, მიერ დარეგისტრირდა. კანონპროექტს პირველ მოსმენაზე 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რასაც საზოგადოების მასობრივი პროტესტი მოჰყვა, საპარლამენტო უმრავლესობას კი მისი უკან გაწვევა მოუწია. ამასთანავე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ კანონპროექტს უკან აღარ დააბრუნებდნენ. ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი გაქრობის მიზეზი გახდა", - წერია განცხადებაში.

სრულად განცხადება ნახეთ აქ. 

მსგავსი სიახლეები