დაპირისპირება ადიგენში და არც ერთი დასჯილი - SJC პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს
ბოლო ერთ თვეში მეორე დაპირისპირება და არც ერთი დასჯილი - მუსლიმი მორწმუნეებისთვის ლოცვაზე დაწესებული შეზღუდვის გამო, არასამთავრობო ორგანიზაციები პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.
ეთნიკური უმცირესობის საკითხზე მომუშავე იურისტები მთავრობას გულგრილობაში ადანაშაულებენ და პირდაპირ ამბობენ, რომ ნაცვლად იმისა, ადგილობრივმა ხელისუფალმა მუსლიმებსა და მართლმადიდებელ ქრისტიანებს შორის არსებული კონფლიქტი მოაგვარონ, პირიქით, ხელს უწყობენ შუღლის გაღვივებას.
ორგანიზაცია "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" წარმომადგენელი "პირველებთან" აცხადებს, რომ სახელმწიფო არ იყენებს საკუთარ ბერკეტებს, რათა ადგილზე სიტუაცია დარეგულირდეს.
ქართველი მუსლიმები ამ ქვეყანაში ჩაგვრის პროცესს გადიან 2011 წლიდან, ციხისძირიდან დაწყებული ადიგენის პროცესებით დამთავრებული არაერთი კონფლიქტი და დაძაბულობა გამოვიარეთ, სადაც ჩვენ ვერ ვხედავთ სახელმწიფოს სათანადო როლს, რომელიც იქნება ნეიტრალური, მშვიდობიანი და დაიცავდა მშვიდობიანი მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიც არის ლოცვის უფლება, საკუთრების უფლება და ა.შ.. ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ სახელმწიფო მოძალადე ჯგუფების მაორგანიზებელ პირებს დაკითხავს, ან გამოკითხვაზე მიჰყავს, ან გამოძიებას იწყებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ პროცესებში სახელმწიფო მუსლიმ თემს უსამართლო პირობებს უყენებს, სთხოვს კერძო საკუთრების დატოვებას და სხვა სივრცეში გადასვლას, რაც მიუღებელია", - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.
5 აპრილს, ადიგენში მუსლიმებსა და მართლმადიდებელ მრევლს შორის პოლიციელების ჯარი იდგა. ვითარება, პრაქტიკულად, უკონტროლო იყო. პარასკევის ლოცვა ამჯერადაც ჩაიშალა, რადგან სალოცავად გასულ მორმწუნეებს დღეს ისევ სოფლის მოსახლოების ნაწილი დაუპირისპირდა. აგრესიულად განწყობილ მოლაქეებს შორის იყვნენ სასულიერო პირებიც.
კონფლიქტმა დაბა ადიგენში ახალი ძალებით მას შემდეგ იფეთქა, რაც გაირკვა, რომ ხელისუფლებამ დაპირისპირებული მხარეები მოატყუა, სამი კვირის წინ დადებული პირობა არ შეასრულა და მუსლიმებს სალოცავისთვის ალტერნატიული ფართი არ გადასცა.
ვითარების განმუხტვა საკუთარ თავზე ისევ ადიგენის მერმა აიღო, თუმცა ადგილზე მისულ მაღალჩინოსანს ხალხისთვის კონკრეტული არაფერი უთქვამს. პრობლემის მოგვარებისთვის მან დამატებითი დრო ითხოვა.