"ოცნებამ" უარი თქვას რუსულ კანონზე და დაიწყოს მართლმსაჯულების რეალური რეფორმა - კოალიციის განცხადება

06.04.24 14:37
"ოცნებამ" უარი თქვას რუსულ კანონზე და დაიწყოს მართლმსაჯულების რეალური რეფორმა - კოალიციის განცხადება

სასამართლოს მიერ მოსამართლეთა ქონების შემოწმების პროცესის გაჩერება, კეთილსინდისიერების შემოწმების ექსტრაორდინარული მექანიზმის გამოყენების საჭიროების დამატებითი მტკიცებულებაა. მმართველმა პარტიამ უნდა შეწყვიტოს საქართველოს ინტერესების დაზიანება, უარი თქვას ხელახლა ინიცირებულ რუსულ კანონზე და დაიწყოს მართლმსაჯულების რეალური რეფორმა - ასე ეხმაურება კოალიცია ანტიკორუფციული ბიუროსთვის მოსამართლეთა ქონების შემოწმების შეჩერებას, რომლის განცხადებასაც "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ავრცელებს. 

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მომხდარი ინციდენტი შემაშფოთებელი პრეცედენტია და ქმნის შესაძლებლობას, კლანის წევრებმა, სასამართლოს გამოყენების გზით, თავი აარიდონ მათი ფინანსური კეთილსინდისიერების გადამოწმებას.

5 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოთხმა მოსამართლემ, მათ შორის, მიხეილ ჩინჩალაძემ და ლევან მურუსიძემ, სასამართლოს მეშვეობით ანტიკორუფციულ ბიუროს მიერ მათი ქონების შემოწმება შეაჩერეს. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ანტიკორუფციული მექანიზმების შესაფერხებლად მართლმსაჯულების ბოროტად გამოყენების პირველი შემთხვევა.

მართლმსაჯულებაში კორუფციის ადგილი არ არის. ამ მოცემულობაზე ვთანხმდებით ყველა, კორუფციული მართლმსაჯულების მომხრეების გარდა. კეთილსინდისიერი მოსამართლე პირველ რიგში თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა კორუფციაში მისი შესაძლო ჩართულობის გამოსარიცხად.

ნიშანდობლივია, რომ ანტიკორუფციული ბიუროს წინააღმდეგ დავის ინიციატორები არიან მოსამართლეები, რომელთა კეთილსინდისიერებასთან, მათ შორის, ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში მნიშვნელოვანი კითხვები არსებობს. ეს ფაქტი კარგად ხსნის სასამართლოს კლანის წინააღმდეგობას კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის გამოყენების მიმართ. კერძოდ, მოსამართლეს, რომელსაც ეშინია ისეთი ლიმიტირებული ფარგლების მქონე ანტიკორუფციული მექანიზმის, როგორიცაა დეკლარაციის შემოწმება, ის, ბუნებრივია, შეეწინააღმდეგება მისი კეთილსინდისიერების სრულყოფილ გამოკვლევასაც.

მომხდარი ინციდენტი შემაშფოთებელი პრეცედენტია და ქმნის შესაძლებლობას, კლანის წევრებმა, სასამართლოს გამოყენების გზით, თავი აარიდონ მათი ფინანსური კეთილსინდისიერების გადამოწმებას ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ჩატარებულ ლიმიტირებულ ფარგლებშიც კი. აღნიშნული დამატებითი ინდიკატორია, იმისა რომ სასამართლო სისტემის წამყვან თანამდებობებზე დანიშნული მოსამართლეების კეთილსინდისიერება უნდა შემოწმდეს და ამისთვის ექტსტრაორდინალური მექანიზმი შეიქმნას. ამ ფონზე, მმართველი პარტია მხარს უჭერს სასამართლო კლანს, ხელს უშლის მართლმსაჯულების გაჯანსაღების სისტემურ რეფორმას და ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულების ნაცვლად ხელახლა აინიციირებს რუსულ კანონს", - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ კლანის 4 გავლენიანი მოსამართლის ქონების შემოწმების პროცესი გააჩერა. 

სკანდალური მოსამართლეები ანტიკორუფციული ბიუროს იმ 300 კაციან სიაში მოხვდნენ, ვისი ქონებაც გადამოწმდებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, მათ სასამართლოში იჩივლეს და სასამართლოც  კლანისთვის მაშველ რგოლად იქცა. 

ეს მოსამართლეები არიან: მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, სერგო მეთოფიშვილი და ვასილ მშვენიერაძე.

 

მსგავსი სიახლეები