დიდუბეში, კორპუსის ის სადარბაზოები, სადაც აფეთქება მოხდა, ამ ეტაპზე უვარგისია - რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში (ფოტოები ადგილიდან)
დიდუბეში აფეთქებული კორპუსების სადარბაზოები ამ ეტაპზე გამოსაყენებლად საშიში და უვარგისია - სამტრედიის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტიდან სამი კვირის თავზე თბილისის მერია საექსპერტო დასკვნას აქვეყნებს.
დოკუმენტის მიხედვით, ბუნებრივი აირის გაჟონვის შემდეგ მომხდარი აფეთქების გამო, ცხრასართულიანი კორპუსის მეორე და მესამე სადარბაზოების ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელი და ექსპლუატაციისთვის დროებით უვარგისია.

რაც შეეხებათ პირველ და მეოთხე სადარბაზოებს, მათი გამოყენება რისკებს არ შეიცავს, თუმცა სეისმურ ნორმებთან შეუსაბამოა.
„კორპუსის II და III სადარბაზოების ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, სადარბაზოების მდგრადობა არ არის უზრუნველყოფილი და ექსპლუატაციისათვის დროებით უვარგისია... I და IV სადარბაზოების ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა სეისმურ ნორმებთან შეუსაბამო - [ეს ორი] სადარბაზოი ექსპლუატაციისათვის ვარგისია“, - წერია სამხარაულის ეროვნული საექსპერტო ბიუროს მომზადებულ დასკვნაში.
ექპერტები მოსალოდნელი საფრთხეების გამო თბილისის მერიას რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავენ:
- რეაბილიტაციის დაწყებამდე, დაზიანებული კედლის მხარეს უმოკლეს დროში მოეწყოს დროებითი საყრდენები;
- საყრდენების დამაგრების პროცესში მუდმივად აკვირდებოდნენ კორპუსს, საფრთხის აღმოჩენის შემთხევაში კი სამუშაოები შეჩერდეს;
- გამაგრების პროცესში შეიზღუდოს დარტყმითი სამუშაოები.

ირკვევა, რომ დიდუბის რაიონის გამგეობამ შესყიდვების სააგენტოსგან კორპუსის გამაგრება-სარეაბილიტაციო სამუშაოების მოკლე დროში დასაწყებად კონტრაქტორის ტენდერის გარეშე შერჩევისთვის ნებართვა უკვე ითხოვა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით 3-4 მილიონი ლარი დაჯდება, ხოლო კონტრაქტორს სამასი დღე მიეცემა სამუშაოების შესასრულებლად.
რაც შეეხება აფეთქების მიერ მიმდებარე ტერიტორიაზე კორპუსების დაზიანების საკითხს, მაცხოვრებლები "პირველებთან" ამბობენ, რომ ადგილზე მერიის თანამშრომლები მივიდნენ, თუმცა მათთვის ზიანი ამ დრომდე არავის არ აუნაზღაურებია.
მეცხრე სართულზე ვცხოვრობ და მეცხრე სართულზეც დაინგრა. ფანჯარა გამოვარდა. ამოვიდნენ, მაგრამ კომპენსაციაზე და გაკეთებაზე არაფერი არ უთქვამთ. სხვისგანაც არ გამიგია. იყო ლაპარაკი, რომ უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ არ არის და ჩვენ გვიწევს ახლა ამის გაკეთება", - ამბობს ადგილობრივი.
ცნობისთვის, თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე აფეთქება 14 მარტს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბუნებრივმა აირმა კორპუსში, სავარაუდოდ, ერთ-ერთი კომერციული ფართიდან გაჟონა, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
