"იმერეთი გრინერის" ჰოლანდიელი ინვესტორი Georgian Fresh Holding განცხადებას ავრცელებს
"იმერეთი გრინერის" ჰოლანდიელი ინვესტორი Georgian Fresh Holding განცხადებას ავრცელებს - საქმე ეხება ტელეკომპანია იმედის ეთერში გასულ სიუჟეტს.
TV Pirveli.Ge განცხადებას სრულად გთავაზობთ:
შპს "იმერეთი გრინერი " წარმოადგენდა ყველაზე თანამედროვე და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ სათბურს, რომლის განვითარებაც 2014 წლიდან დაიწყო ჰოლანდიურ-ქართული ინვესტიციით. შემდგომ ეტაპზე აღნიშნული სათბური გახდა ჰოლანდიური კომპანიის Food Venture-ში შემავალი ერთ-ერთი სათბური. Food Ventures ოპერირებს უკრაინაში, ყაზახეთში და ჩინეთში. 2019 წლამდე "იმერეთი გრინერი" მუდამ განვითარებაზე იყო ორიენტირებული და ახორციელებდა, როგორც ფინანსურ ინვესტიციებს, ასევე ვითარდებოდა ტექნოლოგიური კუთხითაც, თუმცა 2019 წლის ცნობილი მოვლენების შედეგად, რაც უკავშირდებოდა შპს "იმერეთი გრინერის " ადგილობრივი პარტნიორების პოლიტიკური მოტივით ბიზნეს საქმიანობაში შეფერხებების შექმნას და მათი პირადი ანგარიშების დაყადაღებას, კომპანიაში გართულდა ფინანსური მდგომარეობა. მიუხედავად 2020 წლიდან კოვიდ 19-თან დაკავშირებული შეზღუდვებით გამოწვეული დამატებითი სირთულეებისა, Georgian Fresh Holding და Food Ventures განაგრძობდნენ "იმერეთი გრინერის" მხარდაჭერას, რომ არ შეფერხებულიყო მისი ოპერირება, შენარჩუნებულიყო სამუშაო ადგილები და პროდუქცია ბაზარზე უწყვეტად გასულიყო.
2021 წლიდან "იმერეთი გრინერის" მენეჯმენტი აქტიურად მონაწილეობდა კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღების პროცესში, რაც თავის მხრივ მოიაზრებდა ყველა კრედიტორთან თუ ინვესტორთან მოლაპარაკებებს და რეაბილიტაციის გეგმის წერილობით შეთავაზებას, სადაც გათვალისწინებული იყო ყველა კრედიტორის და ინვესტორის ინტერესი. გეგმა მისაღები აღმოჩნდა კრედიტორების უმრავლესობისთვის, თუმცა "საპარტნიორო ფონდმა," რომელიც იყო "იმერეთი გრინერის" დამფუძნებელი 37.65%-იანი წილით, შეთავაზებულ გეგმას მხარი არ დაუჭირა და გადაწყვიტა სასამართლოს გზით სათბურის ხელში ჩაგდება, ხოლო Georgian Fresh Holding წილს დაეუფლა უსასყიდლოდ.
"საპარტნიორო ფონდი" სასამართლოზეც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა "იმერეთი გრინერის" რეაბილიტაციის გეგმის განხილვას და იმდენა მიაღწია, რომ სასამართლოს მისთვის დაემტკიცებინა დივიდენდების მიღების მოთხოვნა, მაშინ როდესაც კომპანია ზარალზე იყო გასული.
გვსურს ხაზი გავუსვათ, რომ "საპარტნიორო ფონდმა მოლაპარაკების არცერთ ეტაპზე გაიზიარა არსებული მენეჯმენტის შეთავაზებები და ხისტად, სასამართლოსგან უსაფუძვლო მხარდაჭერისა და თავის მიერ დანიშნულ მმართველთან ერთად მიაღწია კომპანიის გაკოტრებას. შედეგად, "იმერეთი გრინერის" სათბური შეიძინა "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულმა პირმა, დავით ხიდაშელმა დუბაიში რეგისტრირებული კომპანიის საშუალებით.
"იმედის" ეთერში გასული სიუჟეტი კარგად წარმოაჩენს, თუ როგორ შეუძლია სახელმწიფოს თავისი სტრუქტურების და მართული სასამართლოს მეშვეობით ხელჰყოს უცხოური ინვესტორების ინვესტიციები, არ გაითვალისწინოს დანარჩენი კრედიტორების ინტერესები და ძვირადღირებული ქონება გადასცეს მასთან დაახლოებულ პირებს", - ვკითხულობთ განცხადებაში.