ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებთან გასაუბრება დღეს დასრულდება

08.07.21 11:36
ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებთან გასაუბრება დღეს დასრულდება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატებთან გასაუბრება დღეს დასრულდება. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი მოუსმენს ყველა კანდიდატს, იქნება კენჭისყრა. სალომე ზურაბიშვილს წარედგინება რამდენიმე კანდიდატი, როგორც თამარ ჟვანიას შესაცვლელად, ასევე, კომისიის წევრობის ორი ვაკანტური პოსტისთვის. 

დღეს სპეციალურმა ჯგუფმა არჩევანი უნდა გააკეთოს საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარეობის 8 მსურველსა და კომისიის წევრობის 16 კანდიდატს შორის. პირველადი შედეგები კი  ცნობილი დღის ბოლოს გახდება.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელიც შერჩევის პროცესის მონაწილეები არიან, არ გამორიცხავენ, რომ კანდიდატების პრეზიდენტისთვის წარდგენა ამ ჯერზე ვერ მოხდეს, რადგან მათი თქმით, პრეტენდენტები საკმარისად კვალიფიცირებულები არ არიან. 

პრეტენდენტებთან გასაუბრებები მედიისთვის დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს და ჟურნალისტები პროცესს თვალყურს ვერ ადევნებენ.