"გთხოვთ, გახსოვდეთ, რისი და ვისი გულისთვის დაიხოცნენ ჩვენი ბავშვები" - 35 წელი სისხლიანი 9 აპრილიდან
დღეს საქართვლოს ისტორიის უძიმესი დღეა - 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 35 წელი გავიდა და მემორიალთან მისულები ისევ რუსული გავლენების წინააღმდეგ ლაპარაკობენ.
გონებადაბინდული, თავღია უნდა იყოს, ვისაც რუსეთი უნდა დღეს. ჯერ მარტო 1801 წლიდან რამდენი ქართველია შეწირული. ახლანდელ დროშიც რამდენი შეეწირა', - ამბობს საქართველოს მოქალაქე.
ხალხი, ვინც 35 წლის წინ საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ შიშველი ხელებით იდგა, ამბობენ, რომ კოშმარულ სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდნენ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 35 წლის შემდეგ, ისევ იგივე საფრთხის წინაშე დადგებოდნენ.
"გთხოვთ, გახსოვდეთ ეს ჩვენი ბავშვები. გახსოვდეთ, რისი გულისთვის და ვისი გულისთვის დაიხოცნენ ეს ბავშვები"- ამბობს ქალი, რომელიც 9 აპრილის სისხლიანი დღის მომსწრეა.
ზუსტად 35 წლის წინ 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
სადამსჯელო რაზმს გენერალი იგორ როდიონოვი ხელმძღვანელობდა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა.