ბავშვები დაგვიწიოკეს, კლინიკაში გადამყავს - გორში დაკავებულის ნათესავი

08.07.21 12:01
ბავშვები დაგვიწიოკეს, კლინიკაში გადამყავს - გორში დაკავებულის ნათესავი

მასშტაბური სპეცოპერაცია გორში - "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით დაკავებულების ახლობლები სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობენ.

თავდაპირველად არ გვეუბნებოდნენ, ვინ იყვნენ, ბოლოს კი როცა გვითხრეს, რომ პოლიციელები იყვნენ, ვუთხარი, რომ ჩავიცმევდით და ადვოკატის მოსვლის შემდეგ გავუღებდით კარს. 

ისინი აბრახუნებდნენ, ბავშვები კი საშინლად განიცდიდნენ  და ტიროდნენ, ბოლოს კარი შემოგვინგრიეს. 

ქურდულ სამყაროსთან კავშირს ედავებიან, ჩემს შვილს ქურდები და მამაძაღლები მიკლავდნენ და მათთან კავშირი როგორ ექნებოდა?!",- განაცხადა ერთ-ერთი დაკავებულის დედამ. 

კიდევ ერთი დაკავებულის ცოლი ამბობს, რომ ბავშვი იმდენად შოკში ჩავარდა, რომ მას სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა სჭირდება. 

ბავშვები დაგვიწიოკეს. იმდენაც ცუდადაა, რომ საავადმყოფოში უნდა გადავიყვანოთ. ბავშვის საუკეთესო ინტერესები დაარღვიეს"- აცხადებს ის.  

დაკავებულების ადვოკატის, ნინო შავშიშვილის, განცხადებით, ბრალდებულები ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობას უარყოფენ და ბრალდებას არ ეთანხმებიან.

ირკვევა, რომ დაკავება რუსთავის სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდა და გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც „ქურდული სამყაროს“ წევრობას გულისხმობს.

მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად გორში 5 პირი დააკავეს. მათ ქურდულ სამყაროსთან კავშირს ედავებიან.