პირადობას არ მაძლევს, ხელი გამარტყა! - ვინ არის კაცი, რომელიც ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს (ვიდეო)

09.04.24 13:43
პირადობას არ მაძლევს, ხელი გამარტყა! - ვინ არის კაცი, რომელიც ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს (ვიდეო)

იდენტიფიცირებულია კაცი, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, 4 პირს შინა მოსამსახურეობას აიძულებდა, დღეების განმავლობაში საკუთარ  ფერმაში კეტავდა, სცემდა და გარე სამყაროსთან კონტაქტს უკრძალავდა. 

პოლიციამ ხელბორკილები 43 წლის ნიკოლოზ გიორგანაშვილს დაადო. საქმის მასალების თანახმად, საზარელი დანაშაული კახეთში მოხდა. დაზარალებულებმა გიორგანაშვილის წინააღმდეგ ჩვენება უკვე მისცეს და უმძიმეს დეტალებზე ისაუბრეს. 

საქმეში დევს ფარული ჩანაწერებიც, სადაც ფერმაში დასაქმებულები გამაოგნებელ დეტალებს ჰყვებიან, დაკავებულს გამოძიება ტრეფიკინგს ედავება და თუ დანაშაულს დაუმტკიცებენ ციხეში 15 წლის გატარება ემუქრება. 

"პირადობას, ტელეფონსაც არ მაძლევს, რომ დედაჩემს დავურეკო და მოვიკითხო, ფიზიკური შეურაცხყოფაც იყო, ბიძაჩემი, ჩემი ცოლიც იქ იყო, როცა ხელი დამარტყა, ორი თვეა, ხელფასი არ ამიღია, იქნებ რამენაირად გავიდე აქედან. მემუქრება"- ჰყვება ერთ-ერთი დაზარალებული. 

დაახლოებით იგივე ისტორიას ჰყვება, კიდევ ერთი კაცი, ფარულ ვიდეო-ჩანაწერში დაზარალებული ამბობს, რომ გიორგანაშვილმა ტელეფონი წაართვა და სასტიკად გაუსწორდა. 

"ორი თვის უკან მცემა, ტელეფონზე დარეკვის უფლებას არ მაძლევს... სახლში მინდა წასვლა, არ მიშვებს "ვაფშე". 

ნიკოლოზ გიორგანაშვილის ადვოკატი ამტკიცებს, რომ 4-მა პირმა გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცა და თავისუფლების იძულებით აღკვეთას ადგილი არ ჰქონია. 

რამდენიმე წუთის წინ, კახეთში მომხდარ ფაქტზე განცხადება გაავრცელა მთავარმა პროკურატურამაც. შოთაძის უწყების ცნობით, ტრეფიკინგის ფაქტზე ბრალდება წარედგინა პირს, რომელიც საკუთარ ფერმაში ოთხ ადამიანს იძულებით ამუშავებდა. 

საქართველოს პროკურატურის ცნობით, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში, შრომის ინსპექციის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში არსებული ფერმების მფლობელმა, ტრეფიკინგის მიზნით, ოთხი პირი მოტყუებით, ძალადობით და იძულებით, გარკვეული დროის განმავლობაში საკუთარ ფერმებში უსასყიდლოდ ამუშავა. ბრალდებული მათ აიძულებდა დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეესრულებინათ მისი დავალება, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და სახლში წასვლის უფლებას არ აძლევდა. დაზარალებულებმა გაუსაძლისი პირობების გამო ფერმის ტერიტორიიდან გაქცევა შეძლეს, თუმცა ბრალდებულმა ფიზიკური ძალადობით და მუქარით ისინი უკან დააბრუნა და კვლავ იძულებით სამუშაოში ჩართო. სამმა დაზარალებულმა მოგვიანებით კვლავ შეძლეს ფერმის ტერიტორიიდან გაქცევა, ხოლო ერთ-ერთ პირს ბრალდებული შრომით ექსპლუატაციას 4 აპრილამდე უწევდა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა მუხლის მე-2 ,,ბ“ და ,,გ“; მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) წარედგინა, რაც სასჯელის სახით 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“, - აღნიშნული ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები