მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმე - კლინიკა "იმედიდან" მედპერსონალი გაუშვეს

08.07.21 12:36
მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმე - კლინიკა "იმედიდან" მედპერსონალი გაუშვეს

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ორი ექიმი სამსახურიდან გაათავისუფლეს. საუბარია ბრალდებულ ვიოლეტა ინასარიძეზე, რომელმაც გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება რამდნეჯერმე შეცვალა, თუმცა ბოლოს აღიარა, რომ პაციენტ ბაქრაძის ისტორია გააყალბეს.

რაც შეეხება მეორე გათავისუფლებულს - ის კლინიკა იმედის რეანიმატოლოგი გიორგი აფციაურია, რომელიც სამუშაო საათებში საავადმყოფოში არ ყოფილა.  

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია, ახალციხის კლინიკა "იმედიდან" ექიმების გათავისუფლების ფაქტს ადასტურებს.

გაბუნიას თქმით, მომხდარზე კლინიკამ სათანადო რეაგირებად ექიმების გათავისუფლება მიიჩნია.

პროფესიულმა საბჭომ იმსჯელა იმ გამოვლენილ პროცედურულ დარღვევებზე, რომელიც იქ დაფიქსირდა, გამოძიებამ ამის შესხებ დიდი ხნის წინ აცნობა და პროფესიული საბჭოს რეკომენდაცია, ახალციხის კლინიკის მიმართ იყო იმგვარი, რომ ეთიკური მხარე, ასევე პროცედურული მხარე, საქმის წარმოების მხარე დაირღვა, რაც მნიშვნელოვანია, რომ რეაგირების გარეშე არ დარჩეს.

რა თქმა უნდა, პროფესიული საბჭოს უფლებამოსილებას სცილდება რომელიმე თანამშრომლის დანიშვნა, ან განთავისუფლება, თუმცა აქცენტი გაკეთდა ეთიკური პრაქტიკის სერიოზულ დარღვევაზე და საბჭომ გასცა რეკომენდაცია სათანადო რეაგირების აუცილებლობის შესახებ, როგორც ჩანს, ეს იყო განხორციელებული რეაგირება ახალციხის კლინიკის მიმართ, დროებით, ვიდრე საბოლოოდ არ დადგინდება მიზეზები",- თქვა თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება პროცედურულ დარღვევებს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ექიმებმა სამედიცინო დოკუმენტაცია არასწორად წარადგინეს: 

პროცედურული დარღვევები იყო სამედიცინო დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენასთან დაკავშირებით, რის შესახებაც პროკურატურამაც გაავრცელა განცხადება. თუმცა ამის მიუხედავად პროფესიული საბჭო ელოდა საბოლოო გადაწყვეტილებას უკვე მკურნალობის ნაწილთან დაკავშირებით, ეს საკითხი ჯერჯერობით ღიაა. ამ შემთხვევაში ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას",- აცხადებს განუნია.

27 წლის მედდა ახალციხის "იმედის" კლინიკაში  "ასტრაზენეკას" ვაქცინით 18 მარტს აცრეს, ის რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. მეგი ბაქრაძე 19 მარტს თბილიში გადმოიყვანეს, ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. 

საქმეზე პროკურატურამ ცრუ ჩვენების მიცემის გამო ბრალი 3 ექიმს წარუდგინა, სასამართლომ მათ აღკვეთის სახით 3 000-3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.