დამაგდო, თავში ფეხებს მირტყამდა, იარაღის ამოღებაც კი უნდოდა - პირველი ინტერვიუ ქალთან, რომელიც კომპანიის დირექტორს ძალადობაში ამხელს

09.04.24 17:50
დამაგდო, თავში ფეხებს მირტყამდა, იარაღის ამოღებაც კი უნდოდა - პირველი ინტერვიუ ქალთან, რომელიც კომპანიის დირექტორს ძალადობაში ამხელს

სოფია მეფარიშვილი, რომელიც ამტკიცებს, რომ სამშენებლო კომპანია “X2 დეველოპმენტის” დირექტორი და მთავარი მეწილე ვალერიან კირკიტაძე ფიზიკურად გაუსწორდა, გუშინ მომხდარ ფაქტს "პირველებთან" დეტალურად იხსენებს. 

მისი თქმით,  კომპანიის აშენებულ კორპუსში ლიფტით დედასთან ერთად მგზავრობდა, რა დროსაც ლიფტი მოწყდა.  კომპანიის ოფისში სწორედ ამ ამბის გასარკვევად მივიდა, საბოლოოდ მასზე დირექტორმა იძალადა.

ქალი ამტკიცებს, რომ ვალერიან კირკიტაძე მთავრობასთან დაახლოებული პირია. 

"ეტყობა შენ ბევრთან გაგივიდაო, კისერზე მიმიჭირა, დამაგდო ძირს, კბილებში და თავის არეში მირტყამდა ფეხს. იქ იყო მეორე კაციც, რომელმაც ხელი სახეზე დამარტყა. ვალერიანს იარაღის ამოღებაც უნდოდა, თუმცა გააკავეს, საბოლოოდ გაიქცა სანამ პოლიცია მოვიდოდა"- ამბობს მეფარიშვილი. 

მისი ინფორმაციით, ვალერიან კირკიტაძე ადრე თაღლითობის ბრალდებით იყო დაკავებული. ქალი ამტკიცებს, რომ მაშინ როცა კირკიტაძე შპს ფასანაურის მფლობელი იყო, მან ერთ-ერთ გამგებელს ფული გადაუხადა, რომ კონკრეტულ ტერიტორიაზე მშენებლობის უფლება მოეპოვებინა. 

ძალადობის შესახებ საუბრობს მეფარიშვილის დედაც - ქალი ამტკიცებს, რომ მის შვილის კირკიტაძესთან ერთად ძალადობაში კიდევ ერთი პირი მონაწილეობდა. 

ცნობისთვის, სამშენებლო კომპანია X2 Development-ის დირექტორი და მთავარი მეწილე ვალერიან კირკიტაძე, რომელმაც ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დღეს დააკავეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში "პირველებს" უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები