მოგიწოდებთ პარლამენტს, დაუყოვნებლივ უკან გაიხმეთ - კლინიკების ასოციაცია რუსულ კანონზე
საქართველოს კლინიკების ასოციაცია პარლამენტს მიმართავს და მოუწოდებს უკან გაიხმოს რუსული კანონი.
ასოციაცია გავრცელებულ განცხადებაში პირდაპირ აცხადებს, რომ მსგავსი კანონის მიღება სახელმწიფოებრივი დანაშაულის ტოლფასია.
"საქართველოს კლინიკების ასოციაცია პროტესტს გამოთქვამს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი განხილვის გამო, ვინაიდან საკანონმდებლო ორგანოში მისი დამტკიცება ძირეულად დააზიანებს საქართველოს ევროპულ მომავალს და ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის ისტორიულ მიზანს.
საზოგადოებისთვის ნათლად არის ცნობილი, რომ უცხოური "აგენტების" შესახებ კანონს, მხოლოდ მიესალმება, ჩვენი სამშობლოს ტერიტორიების ოკუპანტი რუსეთი, ხოლო გმობს დასავლეთის ცივილიზებული და დემოკრატიული სახელმწიფოები.
თანამედროვე რეალობაში, მსგავსი კანონის მიღება სახელმწიფოებრივი დანაშაულის ტოლფასია და ყოვლად დაუშვებელია.
საქართველოს კლინიკების ასოციაცია, საქართველოს პარლამენტს მოგიწოდებთ - დაუყოვნებლივ უკან გაიხმოთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.
სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები, ჭეშმარიტად მოაზროვნე ქართველი ექიმები - ვიდექით, ვდგავართ და მომავალშიც მედგრად დავდგებით საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად. -" ნათქვამია მიმართვაში.