"ქურდული გარჩევები" სარდაფში და ნაცემი ადამიანები - ახალი დეტალები მასშტაბურ სპეცოპერაციაზე

08.07.21 13:26
"ქურდული გარჩევები" სარდაფში და ნაცემი ადამიანები - ახალი დეტალები მასშტაბურ სპეცოპერაციაზე

მასშტაბური სპეცოპერაცია გორში - "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 5 პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. 

"პირველების" ინფორმაციით, გახსნილია დანაშაული, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო 6 თვის განმავლობაში იძიებდა.

"ტვ პირველის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად ედებათ ე.წ. ქურდული გარჩევების მოწყობა, სარდაფში ადამიანების ცემასა და სხვა დანაშაულში.  ირკვევა, ისიც რომ პროცესები უკრაინის ციხიდან იმართებოდა. 

საქმის მასალების მიხედვით, საუბარია დანაშაულის რამდენიმე ეპიზოდზე. მათ შორის სოსო და თორნიკე ტურაშვილების სარდაფში ცემის ფაქტზე.

საქმეში ფიგურირებს გელა ბათურაშვილიც.  "ტვ პირველმა" გაარკვია, რომ სარდაფის მფლობელები სხვა ქვეყანაში გამგზავრებას და ე.წ. კანონიერ ქურდებთან შეხვედრასაც გეგმავდნენ, თუ ვინმე ბილეთს შეუძენდა. 

სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით, ერთმანეთის პარალელურად რამდენიმე ადგილზე ჩატარდა. ჩვენი ინფორმაციით, დაკავებულია მინიმუმ 10 კაცი.