ადამიანების უფლებებზე ფეხით იარა მურუსიძემ - ლალიაშვილი

11.04.24 14:30
ადამიანების უფლებებზე ფეხით იარა მურუსიძემ - ლალიაშვილი

სტრასბურგის სასამართლო ე.წ. მეამბოხე მოსამართლეების საქმის 4 მოსამართლიდან ერთ-ერთი, თამარ ლალიაშვილი, რომელიც უზენაესი სასამართლოდან გაათავისუფლეს, სტრასბურგის სასამართლოს მიერ ლევან მურუსიძის განხილულ  საქმეებზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას ეხმაურება და ამბობს, რომ მურუსიძემ "ადამიანების უფლებებზე ფეხით იარა"

ლალიაშვილი, რომლის გათავისუფლებას ხელი სადისციპლინო პალატამ მოაწერა, იმ პალატამ, რომლის შემადგენლობაში იყო ლევან მურუსიძე, ამბობს, რომ საქმის განხილვის დროს "კლანის" ერთ-ერთ ლიდერად მიჩნეულმა მოსამართლემ მათ გათავისუფლებას ხელი ისე მოაწერა, რომ კანონში არც ჩაუხედავს.

ჩვენ ვიბრძოდით სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის. სპეციალურად იქნა შერჩეული მურუსიძე, რათა განეხილა ასეთი საქმეები. მისი დაწინაურებაც უზენაეს სასამართლოში სწორედ ამ კრიტერიუმით მოხდა, რომ შეესრულებინა ხელისუფლების მითითებები, რასაც ის დღეს დიდი წარმატებით ახორციელებს და არის შემსრულებელი. სახელმწიფომ ძალიან დიდი ზარალი ნახა. აქ აღარ ვსაუბრობ სახელმწიფოზე, ჯერ ადამიანებმა ნახეს ზარალი, მათ უფლებებზე ფეხით იარა მურუსიძემ, გათელა ყველანაირად.

ჩვენ გაგვათავისუფლებს სამსახურიდან ნორმის განმარტებისთვის. წელიწადზე მეტი გრძელდებოდა ეს პროცესი. წელიწადზე მეტი გრძელდებოდა ეს პროცესი და საბოლოოდ, სპეციალურად გადმოიყვანეს მურუსიძე უზენაეს სასამართლოში, რომ ჩვენი საქმე განეხილა. მართლაც უპრობლემოდ მოაწერა ხელი ჩვენი გათავისუფლების გადაწყვეტილებას. მე მგონი, საერთოდ არც კანონში ჩაუხედავს, არაფერი არ აინტერესებდა, ცინიკურად იცინოდა სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას და შესაბამისად, ასრულებდა მითითებებს", - ამბობს ლალიაშვილი.

სტრასბურგის სასამართლოში ლევან მურუსიძის განხილულ სულ ცოტა ხუთ საქმეზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა დადგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, აღნიშნული საქმეებიდან სამზე სასამართლომ დარღვევების შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანა, ხოლო ორ საქმეზე, საუბარია მოლაშვილის საქმესა და ე.წ. მეამბოხე მოსამართლეების საქმეზე, სახელმწიფომ თავად აღიარა დარღვევა.

ამ საქმეების გამო  საქართველოს სახელმწიფოს დაზარალებულების სასარგებლოდ ჯამში 105 988 ევროს გადახდა მოუწია

მსგავსი სიახლეები