"დღეს ველოდით, რომ გამოუშვებდნენ, მაგრამ..." - როდის დატოვებს საპატიმროს ლაზარე?
დატოვებს თუ არა მარტის აქციების სიმბოლოდ ქცეული ახალგაზრდა საპატიმროს დღეს? - "პირველების" ინფრომაციით, ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატებმა მიიღეს ცნობა, რომ პენიტენციური დაწესებულებიდან პრეზიდენტის ხელმოწერილი აქტი ჯერჯერობით არ გადაგზავნილა.
ახალგაზრდის უფლებადამცველების ცნობით, ამ დროისთვის სალომე ზურაბიშვილს გამოთხოვილი აქვს საქალაქო სასამართლოდან ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლის ხელმოწერით, თუმცა ადმინისტრაციას სასამართლოდან ეს წერილი არ მიუღია.
ახალგაზრდა ბიჭის დედა, თამთა კალანდაძე "პირველებთან" ამბობს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას სრულ გადაწყვეტილებას მომდევნო სამუშაო კვირიდან გადაუგზავნიან.
კალანდაძის თქმით, ლაზარე გლდანის ციხეს, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში დატოვებს.
დღეს ველოდით, რომ გამოუშვებდნენ. იყო ასეთი ხმა, მაგრამ ახლა ველაპარაკე ადვოკატს და სამი სამუშაო დღე გვითხრეს. სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში გამოუშვებენ ლაზარეს. გუშინდელი განაჩენის შემდეგ, როდესაც ორბელიანების სასახლეში განცხადების შესატანად წავედით, მე მქონდა ის განცდა, რომ ქალბატონი სალომე ლაზარეს შეიწყალებდა. საღამოს გადაცემაში გავიგე ეს ამბავი. ყურში მესმოდა და ცოტა უჩვეულო იყო, ემოციური და ძალიან გამიხარდა, მაგრამ ველოდი", - ამბობს თამთა კალანდაძე.