სასტიკი მკვლელობა ბოლნისში - შშმ პირის ცხედარი მეზობლებმა ტყეში იპოვეს
8 ჭრილობა, გამოჭრილი ყელი და მრავლობითი დაზიანებები - სასტიკი მკვლელობა ბოლნისში.
სოფელ მამხუტში 33 წლის ისააკ გუსეინოვი მოკლეს. მეზობლებმა მისი ცხედარი 2-დღიანი ძებნის შემდეგ, ტყეში იპოვეს.
ადგილობრივები "პირველებს" უყვებიან, რომ გარდაცვლილი შშმ პირი იყო, რომელიც დამოუკიდებლად არსად არ გადაადგილდებოდა.
ბოლნისის მაცხოვრებლების ცნობით, კაცი თავდამსხმელებმა სახლიდან რამდენიმე დღის წინ, სავარაუდოდ, მოტყუებით გაიტაცეს, რის შემდეგადაც სასტიკი მეთოდებით აწამეს და მოკლეს.
სოფელ შაუმიანის ტერიტორიაზე გორაზე ვიპოვეთ მოკლული. შვიდი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ყელი ჰქონდა გამოჭრილი. კბილები სულ ჩამსხვრეული ჰქონდა და სხეულზე ცემის კვალი აღენიშნებოდა. ნაწამებია. ვითხოვ ობიექტურ გამოძიებას. არ ვიცი, ვის შეიძლება, რომ მოეკლა. შშმ პირი იყო. არავისთვის არაფერი არ დაუშავებია. საუბარიც არ შეეძლო. სოფლის მოსახლეობამ იპოვა. მარტო არასდროს არსად მიდიოდა. შეიძლება, ვინმემ მოტყუებით წაიყვანა და შემდეგ მოკლა, მაგრამ მიზეზი უცნობია. არც ის ვიცი, ვის შეიძლება მოეკლა. ადგილზე არც მანქანის კვალი იყო და თან წვიმდა. 33 წლის იყო", - ამბობს ოჯახის წევრი.
ამ დრომდე უცნობია, დანაშაულში რამდენი პირი ფიგურირებს. "პირველების" ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მანქანის ნაკვალევი ნაპოვნი არ არის.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, თუმცა ხელბორკილები ჯერჯერობით არავისთვის არ დაუდიათ.