კულტურა თავზე გვენგრევა, სასამართლო გაუპატიურებულია - რეჟისორები რუსული კანონის უკან გაწვევას ითხოვენ
ხელოვანების მასშტაბური პროტესტი გრძელდება - კინორეჟისორები "ოცნების" მიერ ხელახლა დაინიცირებული რუსული კანონის უკან გაწვევას ითხოვენ.
კულტურის სფეროში მომუშავე ადამიანები პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველო კრიტიკული გამოწვევის წინაშე დგას. "საქართველოს დემოკრატიას შავი დღე გაუთენდა" - აცხადებს რეჟისორი, გიორგი თავართქილაძე და დასძენს, რომ "კონსტიტუცია და სასამართლო გაუპატიურებულია".
თავართქილაძე დარწმუნებულია, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ქვეყანა მნიშვნელოვნად რეგრესირდება, ამიტომ მისი თქმით, ახლა ერთადერთი გამოსავალი რჩება, რასაც ხალხის გამარჯვებამდე ბრძოლა ეწოდება.
თუ ეს კანონი მიიღეს, აღარ იქნება აღარანაირი აზრი. გინდა კინო გადაიღე, გინდა იმღერე და გინდა წიგნი დაწერე, ყველაფერს ექნება მიკერებული აგენტის სტატუსი. დადგება ის მომენტი, რაც შარშან ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შავი დღე გაუთენდა საქართველოს დემოკრატიას. კულტურა გვენგრევა თავზე, გაუპატიურებულია სასამართლო, გაუპატიურებულია მთელი კონსტიტუცია. ეს არის ეპოქალური ბრძოლის წინაპირობა. ჩვენ ახლა ან ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ, ან კაცმა არ იცის, რამდენი ათწლეულით გადაგვისვრიან ისევ სადღაც ბნელ ჯურღმულში. ორშაბათს თუ ეს კანონი გავიდა, მერე რჩება ერთადერთი შანსი, რომ ეს კანონი ჩააგდონ, რაც არის ურთულესი", - ამბობს გიორგი თავართქილაძე.