"8 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და ყელი გამოჭრილი" - მოკლული შშმ პირის მამას ეჭვი ჯგუფურ დანაშაულზე აქვს
მინიმუმ ორი დღე სასტიკი დანაშაულიდან და არც ერთი დაკავებული - პოლიცია ამ დრომდე ვერ ამბობს, ვინ გაიმეტა ბოლნისში, 33 წლის შშმ პირი წამებით სიკვდილისთვის.
"პირველების" გადამღებმა ჯგუფმა ცოტა ხნის წინ გადაიღო კადრები ადგილზე, სადაც მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
გარდაცვლილი კაცის ოჯახი ვარაუდობს, რომ დანაშაულში რამდენიმე პირი ფიგურირებს. გუსეინოვებს აქვთ ეჭვი, რომ დამნაშავეებმა კაცი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი ცხედარს სხვაგან მალავდნენ.
ეს არის ადგილი, სადაც ჩემი შვილი ვიპოვეთ. ზევით მოკლეს, ჩამოათრიეს და დააგდეს. ორი დღის განმავლობაში წვიმდა, მაგრამ როდესაც ვიპოვეთ მთლიანად მშრალი იყო. ალბათ, წვიმების შემდგომ აქ მოიყვანეს და დააგდეს. ამ ყველაფერს ერთი ადამიანი ვერ მოახერხებდა. აქ იმიტომ მოიყვანეს, რომ ეგონათ, ვერ ვიპოვიდით. 8 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და ყელი გამოჭრილი. ჩემი შვილის მკვლელები უნდა დაისაჯონ", - ამბობს დაღუპულის მამა.
ისააკ გუსეინოვის ცხედრას მძიმე დაზიანებები აღენიშნება. მისი ცხედარი 2-დღიანი ძებნის შემდეგ, ტყეში იპოვეს. მამაკაცი, რომელსაც საუბარი არ შეეძლო, თავდამსხმელებმა სავარაუდოდ ჯერ სცემეს, შემდეგ კი ყელი გამოჭრეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, თუმცა ხელბორკილები ჯერჯერობით არავისთვის არ დაუდიათ.