მომაქციეთ ყურადღება! - ინტერვიუ კაცთან, რომელიც ბებიაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით ციხეში გაუშვეს

13.04.24 22:01
მომაქციეთ ყურადღება! - ინტერვიუ კაცთან, რომელიც ბებიაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით ციხეში გაუშვეს

პირველი ინტერვიუ 29 წლის კაცთან, რომელსაც გამზრდელი ბებიის მიმართ სექსუალური ძალადობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 9 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.  80 წლის ბებიის მიმართ  სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული გიორგი კირვალიძე თელავის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, თუმცა უკან ციხეში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შეატრიალეს. 

"ვშიმშილობ, გადადებული მაქვს თავი და მირჩევნია, არ გამოვიდე ცოცხალი. ეს თუ გინდათ დააფიქსირეთ. ბებიის ჩვენება აქვთ მეტი არაფერი არ გააჩნიათ და მაძლევენ 9 წელს. მეტი სხვა არაფერი არ აქვთ. მომაქციონ ყურადღება, მიიღოს უზენაესმა ჩემი საქმე"- წერს შაბათის ეთერს ახალგაზრდა კაცი. 

29 წლის გიორგი კირვალიძის ცხოვრება თავდაყირა გასულ წელს დადგა, როდესაც 29 წლის კაცს  საკუთარმა ბებიამ სექსუალურ ძალადობაში, ცემაში, თავისუფლების უკანონო აღკვეთაში და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში დაადანაშაულა. 80 წლის პენსიონერი ირწმუნებოდა, რომ შვილიშვილი მასზე ზეწოლას სისტემატურად ახდენდა, ეს ქალმა საგამოძიებო უწყებისათვის მიცემულ საკუთარ  ჩვენებაში აღწერა. 

80 წლის პენსიონერის ჩვენება გიორგი კირვალიძის დაკავების საფუძველი გახდა. ოჯახი ამტკიცებს, რომ მოხუცმა ყველაფერი გამოიგონა, მიზეზი კი მამა-შვილს შორის დაწყებული კონფლიქტი გახდა. რის გამოც ბებია შვილიშვილზე გაბრაზდა.   

80 წლის ქალი, რომელიც შვილიშვილს ძალადობაში ამხელდა, გიორგი კირვალიძის დაკავებიდან ორ კვირაში გარდაიცვალა, ახლა ვერც ჩვენებას შეცვლის და ვერც სასამართლოს ეტყვის რა მოხდა. \

ექსპერტიზამ  80 წლის მოხუცის სხეულზე ვერცერთი დაზიანება ვერ აღმოაჩინა.  დაზიანებების გარდა არ დადასტურდა არც სექსუალური ძალადობის კვალი. 

შვილიშვილის  დაკავების შემდეგ ძალადობის ფაქტს უარყოფდა თავად პენსიონერიც.  ტვ პირველის არქივი 80 წლის პენსიონერის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე  ჩაწერილ ინტერვიუს ინახავს, ქალი ამბობდა, რომ შვილიშვილს მასზე არ უძალადია. ამ ინტერვიუდან რამდენიმე დღეში იზოლდა კირვალიძე გარდაიცვალა და სასამართლომ მხოლოდ მისი ჩვენებით იხელმძღვანელა.

ახლა ჩნდება კითხვა რას დაეყრდნო მეორე ინსტანციაში მოსამართლეთა კოლეგია და რა მტკიცებულებების საფუძველზე გაუშვეს 9 წლით ახალგაზრდა კაცი ციხეში. ირკვევა, რომ ეს ექსპერტიზის დასკვნაა, რომელიც სამხარაულის ბიურომ  5 თვიანი დაგვიანებით დადო. ექსპერტიზის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ იზოლდა კირვალიძის საწოლიდან გიორგი კირვალიძის სამოსის ბოჭკოები ამოიღეს.

გიორგი კირვალიძის დედა მრავალწლიანი ემიგრაციიდან, სადაც მძიმე დაავადებას ებრძოდა,   შვილის დაკავების  შემდეგ დაბრუნდა.  თვეების განმავლობაში როდესაც ბებია და შვილიშვილი თელავის რაიონის სოფელ ვანთაში  ერთად ცხოვრობდნენ დედა მათ ვიდეო ზარით ეკონტაქტებოდა. მისთვის წარმოუდგენელია ბრალდება რომლითაც ახლა მისი შვილი გასამართლდა. 46 წლის ქალი ამბობს რომ  8 თვის განმავლობაში ვიდრე გიორგი ბებიასთან ერთად ცხოვრობდა, მასზე ზრუნვის მეტი არაფერი გაუკეთებია.   

დაკავებულის ოჯახს კიდევ ერთი ვერსია აქვს. 80 წლის პენსიონერს ჩვენება შვილიშვილის წინააღმდეგ ქალიშვილმა მიაცემინა, რომელსაც დედის სახლის მემკვიდრეობაზე პრეტენზია ჰქონდა. 

რუსეთში მცხოვრები თამილა კირვალიძე ისევ ამტკიცებს, რომ გიორგი კირვალიძე ბებიაზე ზეწოლას ახდენდა. 

 საქმე  ახლა უზენაესმა სასამართლომ უნდა შეისწავლოს. მესამე ინსტანციაში საქმის დაშვების შემთხვევაში 9 წლით გასამართლებულ გიორგი კირვალიძეს საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება შეეძლება. 

ბებიაზე სექსუალურად მოძალადე თუ გამოუძიებელი საქმის მსხვერპლი - რა მოხდა რეალურად?

მსგავსი სიახლეები