საარჩევნოდ ვაჭრობას აპირებენ - "ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებით დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ

09.07.21 11:29
საარჩევნოდ ვაჭრობას აპირებენ -  "ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებით დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ

ქურდული გარჩევები და 25 დაკავებული - ბრალდებულების ადვოკატები ამბობენ, რომ მათ არც საქმის მასალები და არც დაკავების ოქმები გადასცემიათ. 

ადვოკატების თქმით, "ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებით დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან შეხება არ ჰქონიათ.

უფლებადამცველები პროცედურულ დარღვევებზე საუბრობენ, მათი მტკიცებით, ბრალდებულთა აყვანა უკანონოდ განხორციელდა. 

ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი პოლიტიკურ ინტერესებზეც საუბრობს. ფრიდონ სიხუაშვილის განცხადებით, ხელისუფლება დაკავებულების ოჯახებს საარჩევნოდ ხმების მოპოვებისთვის გამოიყენებს. 

სპეცრაზმი და პოლიციის თანამშრომლები დაკავებულის საცხოვრებელ სახლში დილის 5 საათზე შეცვივდა. არასრულწლოვნებს დაადეს იარაღი. მეუღლეს დაადეს იარაღი. დაძინებულ ადამიანი დააგდეს ძირს.

დაკავებიდან 24 საათი გადის და ბრალის დადგენილება არ გვაქვს. 

ეს იყო ხელისუფლების დაგეგმილი სპეცოპერაცია, თუ ვინმე ნასამართლევია, მათ მიმართ წინასაარჩევნოდ აწარმოებენ ამ ბინძურ კამპანიას. ჩემი შეფასებით, უნდათ, ეს ადამიანები ციხეში ჩასვან, რომ შემდეგ მათ ოჯახებთან ივაჭრონ არჩევნების მოგების მიზნით"- ამბობს მოქალაქე. 

გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივ ჯგუფს სარდაფში მოწყობილი ჰქონდა სივრცე, სადაც აწყობდა ქურდულ გარჩევებს, მოქალაქეებს სცემდნენ და აორგანიზებდნენ კიდევ სხვა დანაშაულებს.

თბილისსა და რეგიონებში დაკავებულებს კონტაქტი ჰქონდათ 9 კანონიერ ქურდთან, მათ შორის, ისეთი ავტორიტეტებთან, როგორებიც არიან: კახა შუშანაშვილი, შოთა ასათიანი, ნამიქ სალიფოვი, ლუკა ასანიძე, პაატა ბაქრაძე და დავით ქურასბედიანი. საქმეში დევს ფარული აუდიო მასალა.