"TV-პირველის“ ჟურნალისტის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეღწევის 3 ეპიზოდი - პროკურატურამ ნატო გოგელია დაზარალებულად ცნო

16.04.24 11:46
"TV-პირველის“ ჟურნალისტის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეღწევის 3 ეპიზოდი - პროკურატურამ ნატო გოგელია დაზარალებულად ცნო

"TV-პირველის“ ჟურნალისტის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეღწევის სამ ეპიზოდზე პროკურატურამ ჟურნალისტი დაზარალებულად ცნო.

ინფორმაციას "ადამიანის უფლებათა ცენტრი" ავრცელებს.

24 მარტს ოზურგეთში „ტვ პირველის“ რეგიონული კორესპონდენტის, ნატო გოგელიას საცხოვრებელ სახლში, უცნობი პირები შეიჭრნენ და ნივთები დააზიანეს. მსგავს ინციდენტს 2023 წელს 3-ჯერ ჰქონდა ადგილი. ფაქტს ჟურნალისტი პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს და დაშინების და გაჩუმების მცდელობად მიიჩნევს.

2024 წლის 29 მარტს ადამიანის უფლებათა ცენტრმა წერილობით მიმართა ოზურგეთის რაიონულ პროკურატურას ნატო გოგელიას გამოკითხვისა და მისი დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით.

2024 წლის 8 აპრილს ჟურნალისტი დამატებით გამოიკითხა ოზურგეთის პოლიციის დეპარტამენტში და დაზარალებულად იქნა ცნობილი მის მიმართ განხორციელებულ ქურდობის სამ ეპიზოდში. ადამიანის უფლებათა ცენტრი ასევე ითხოვს მედიის წარმომადგენლის დაზარალებულად ცნობას მის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეღწევის მეოთხე ეპიზოდზეც, რომელიც  2023 წლის 27 თებერვალს მოხდა.

მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს პროექტის, ხარისხიანი მედია და მედიის გაცნობიერებული მოხმარება მედეგი საზოგადოებისთვის (ConMeCo) ფარგლებში. პროექტი ხორციელდება დოიჩე ველე აკადემიის მიერ მედიის განვითარების ფონდთან და ადამიანის უფლებათა ცენტრთან თანამშრომლობით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით.

DW Akademie Europe and Central Asia
European Union in Georgia
Bundesministerium für wirtschaftliche Zusammenarbeit und Entwicklung (BMZ)
#EU4Georgia

მსგავსი სიახლეები