პუტინიზმი ცდილობს შენს სახლში დამკვიდრებას - შენივე ხელისუფლების ინიციატივით, დაიცავით თქვენი თავისუფლება - აკუნინი

16.04.24 12:53
პუტინიზმი ცდილობს შენს სახლში დამკვიდრებას - შენივე ხელისუფლების ინიციატივით, დაიცავით თქვენი თავისუფლება - აკუნინი

მაწუხებს, როცა ვხედავ დემოკრატიულ ქვეყანას, რომელიც იმავე ფერდობზე მოსრიალებს, საიდანაც რუსეთი უფსკრულში ჩავარდა , - ასე აფასებს წარმოშობით ქართველი მწერალი ბორის აკუნინი, იგივე გრიგოლ ჩხარტიშვილი საქართველოში რუსული კანონის მიღების მცდელობას. აკუნინი სოციალურ ქსელში წერს, რომ ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, მისთვის კარგად ნაცნობია, რადგან რუსეთმაც სწორედ ასე დაიწყო. მწერალი შიშობს, რომ შესაძლოა, საქართველოს რუსეთის გარდა მეგობარი აღარ დარჩეს. 

ბორის აკუნინი საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს.

რამდენიმე ქართულმა ტელევიზიამ და მედიასაშუალებამ მომმართა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე კომენტარის თხოვნით.
ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაზე, როგორც წესი, არ ვლაპარაკობ. ჯერ ერთი,  მაქვს კომპლექსი, რომ "ნამდვილი ქართველი არ ვარ" - ენა არც კი ვიცი. მეორეც, მეც რუსი მწერალი ვარ და ჩვენი ძმის ნებისმიერი ჩარევა სხვა ადამიანების საქმეებში არსებულ ვითარებაში აღიქმება, როგორც „იმპერიალიზმის გამოვლინება.

მაგრამ საქართველო ჩემთვის უცხო არ არის. დავიბადე საქართველოში, მყავს ბევრი ნათესავი და მეგობარი და მაწუხებს, როცა ვხედავ დემოკრატიულ ქვეყანას, რომელიც იმავე ფერდობზე მოსრიალებს, საიდანაც რუსეთი უფსკრულში ჩავარდა.

ჩვენ უნდა გვეშინოდეს არა პოლიტიკური ოპოზიციის ან პრესის, არამედ პუტინიზმის.
გეშინოდეთ არა მხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდან შემოჭრის. და ეს არის ზუსტად ის, რაც ახლა ხდება. პუტინიზმი ცდილობს შენს სახლში დამკვიდრებას - შენივე ხელისუფლების ინიციატივით....

ჩვენ ეს ვიცით, გავიარეთ. ჯერ "უცხოური აგენტები", შემდეგ "მეხუთე კოლონა", შემდეგ "ტერორისტები და ექსტრემისტები" და შემდეგ საქართველოს არ ეყოლება მეგობრები პუტინის რუსეთის გარდა. კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ორთავიანი არწივის ფრთის ქვეშ.

ქართველებო, არ მისცეთ ამის გაკეთებას უფლება. დაიცავით თქვენი თავისუფლება, - წერს აკუნინი. 

ბორის აკუნინი უკვე წლებია რუსეთში აღარ ცხოვრობს. პუტინის რეჟიმმა ის  "უცხოელ აგენტად" გამოაცხადა და  "ექსტრემისტებისა და ტერორისტების" რეესტრში შეიყვანა. მან რუსეთი 2014 წელს, ყირიმის ანექსიისა და დონბასში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ დატოვა.

მსგავსი სიახლეები