"პუტინი გავლენის სფეროს მოხაზვას ცდილობს" - გამომოძებელი ჟურნალისტები რუსულ კანონზე
რუსულ კანონს აპროტესტებენ ის გამომძიებელი ჟურნალისტებიც, რომელიც ხელისუფლების სამიზნეები არიან. რეპორტიროები იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომელიც ქვეყანაში აღნიშნული კანონის მიღების შემდეგ, პრაქტიკულად, ყველას შეეხება.
რუსული კანონი იმიტომ არის რუსული კანონი, რომ შედეგი არის რუსული: გაჩუმებული საზოგადოება, დაპატიმრებული მედია, განდევნილი აქტივისტები, დახოცილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. ეს არის ის შედეგი, რისი მიღებაც საქართველოში ამ ხელისუფლებას უნდა და ეს ყველაფერი არის ერთი დიდი გეოპოლიტიკური პროცესის ნაწილი. ჩვენ ვხედავთ რა ხდება ბოსნიაში, რა ხდება ყირგიზეთში, ოკუპირებულ აფხაზეთში ანუ იგივე ტიპის კანონპროექტს იღებენ და იგივე სიტუაციაში ვართ ჩვენ ანუ ვლადიმერ პუტინი ცდილობს გავლენის სფეროს მოხაზვას, - ამბობს ზურა ვარდიაშვილი.
"ნეტგაზეთის" წარმომადგენელი, ნესტან ცეცხლაძე პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლეაბს თავისუფალი მოქალაქეების და თავისუფალი სიტყვის ეშინია და რუსულ კანონსაც ამიტომ იღებს.
თავისუფალი ჟურნალისტების, თავისუფალი მოქალაქეების ყოველთვის ეშინიათ ისეთ რეჟიმებს, როგორიც ჩვენ უკვე გვაქვს საქართველოში, დიქტატორულ ავტორიტარულ რეჟიმებს. ამიტომ არ გვიშვებენ პარლამენტში უკვე მეორე დღეა და ამას მივიღებთ ამ კანონის მიღების შემთხვევაში მთელ ქვეყანაში, როცა თავისუფალი ადამიანები ვეღარ შეძლებენ ღიად, აი, ასე თავისი აზრის გამოხატვას, - ამბობს "ნეტგაზეთის" წარმომადგენელი, ნესტან ცეცხლაძე.
თბილისში გუშინ გამართული მასშტაბური დემონტრაციის და დაკავებების სერიის შემდეგ რეპრესიული კანონის განხილვა "ქართულ ოცნებას" დღესაც აქციის და პოლიციის კორდონის ფონზე უწევს. პარლამენტის შენობა ახლა პოლიციის ალყაშია, მზადყოფნაშია სპეცრაზმიც, თუმცა რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გაჩერებას არ აპირებენ.