როცა ქვეყანას გვართმევენ, ლექციაზე ყოფნას აზრი არ აქვს -პროტესტის მონაწილე სტუდენტები
რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტები პარლამენტთან კონსპექტებით არიან მისულები. ახალგაზრდები ამბობენ, რომ პროტესტის პარალელურად, მნიშვნელოვანია, პროგარამას არ ჩამორჩნენ და იმეცადინონ. ამასთან, მათი თქმით, ასევე მნიშველოვანია, ხელისუფლებამ დაინახოს, რომ რუსულ კანონს ბევრი ადამიანი აპროტესტებს.
ცოდნა ყველაზე დიდი ძალაა, რაც შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ ყველაფრის წინააღმდეგ და შესაბამისად, აუცილებელია, რომ ვიმეცადინოთ და აქ ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ დავანახოთ, რომ ბევრნი ვართ, ბევრს არ მოგვწონს ეს ყველაფერი, რაც აქ ხდება, მაგრამ თან არ ჩამოვრჩეთ იმ მასალას, რაც სამეცადინო გვაქვს, რომ მომავალშ ამ ქვეყანას რამე ვუშველოთ, - ამბობს აქციის მონაწილე.
კიდევ ერთი სტუდენტი ამბობს, რომ იმ დროს, როდესაც ქვეყანას ართმევენ, ლექციაზე ყოფნას აზრი არ აქვს. ახალგაზრდა არ მალავს, რომ ლექციიდან ისინი თავად ლექტორებმა გამოუშვეს.
არ აქვს ლექციაზე ყოფნას აზრი, რომცა ქვეყანას გვართმევენ და ჩვენი სამშობლო არ არის ვიღაცის სათარეშ და ვიღაცის გასაწეწი. ამიტომ ვსხედვართ ახლა აქ. ლექციაზე დავეთხოვეთ, გამოგვიშვეს ჩვენმა ლექტორებმა. ძალიან ვამაყობთ ამით, - ამბობს პროტესტის მონაწილე.
პროტესტის კიდევ ერთი მონაწილე პირდაპირ ამბობს, რომ რუსული კანონი მათ ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს ეწინააღმდეგება.
იმიტომ ვდგავართ ახლა აქ, რომ არ გვინდა, რომ რეალურად, რუსეთში ვიცხოვროთ, იმიტომ, რომ არ არის ეს ჩვენი მიზანი და ყველანაირად ეწინააღმდეგება ჩვენს ღირეულებებს და მიზნებს, რაც გვაქვს ახალგაზრდებს მომავალში, - ამბობს სტუდენტი.