ჩემი ქმარი სცემეს, შვილებს კი იარაღი დაადეს - "ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებით დაკავებული "რიჟას" ცოლი
ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებული გიორგი ჭალიძის, იგივე "რიჟას", მეუღლე მედიასთან გამოჩნდა. ქალი ამბობს, რომ სპეცოპერაციისას სამართალდამცავებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს.
მისი თქმით, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები გიორგი ჭალიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაკავებულის ცოლის მტკიცებით, სამართალდამცავებმა იარაღი მის არასრულწლოვან შვილებსაც დაადეს.
ჭალიძის ოჯახი ამტკიცებს, რომ "რიჟას" ქურდულ სამყაროსთან კავშირი არ აქვს და მონასტერში წასვლას აპირებდა:
ძალიან ძლიერი ხმა იყო, თითქოს რაღაც აფეთქდა. არ იცოდნენ, სად ეძინა (გიორგი ჭალიძეს), იქ ბავშვები დახვდნენ და იარაღი მათ დაუმიზნეს. ჩემ მეუღლეს წიხლები რამდენჯერმე ჩაარტყეს, ძირს დააგდეს. ხელები შეუკრეს, თუმცა ცემას კვლავ აგრძელებდნენ"- აცხადებს დაკავებულის მეუღლე.
მისი თქმით, პოლიცია სუფთა ფურცელზე ხელმოწერას თხოვდა, რაც არ შეასრულა.
ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ. 25 პირი თბილისისა და რუსთავის წინასწარი მოთავსების იზოლატორებში ჰყავთ. საქმეში დევს მტკიცებულებები, რომელთა შორისაა ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ფარულად ჩაწერილი საუბრები.
საქმეში ფიგურირებს საზღვრებს გარეთ მყოფი 9 კრიმინალური ავტორიტეტიც. ბრალი ყველა დაკავებულს წარედგინა. მათი სასამართლოში წარდგენის პირველი სხდომა სავარაუდოდ დღეს გაიმართება. არ არის გამორიცხული რომ ბრალდებულთა ოჯახის წევრებმა მიმართოს გენერალურ ინსპექციას, მიზეზი, მათივე ვერსიით, სპეცოპერაციის დროს დაშვებული გადაცდომებია.