ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე - პროკურატურის მორიგი მოწმე, რომელიც ბრალეულობას არ ადასტურებს

09.07.21 17:14
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე - პროკურატურის მორიგი მოწმე, რომელიც ბრალეულობას არ ადასტურებს

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლო პროცესი 2 საათზე მეტია, მიმდინარეობს. პროცესზე ამ წუთებში ბრალდების მხარის მოწმე, ზაალ ბერუაშვილი, იკითხება. ბერუაშვილი 2004-2007 წლებში, ასევე 2011 წელს თანამშრომლობდა ხაზარაძე-ჯაფარიძის კომპანიასთან და ის ფინანსური რისკების შემფასებელი  იყო.  ბრალდების მხარის მოწმეს კითხვებს დაცვის მხარე უსვამს. პროკურატურის მოწმემ სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ საქმეზე ფულის გათეთრების ნიშნები არ შეუნიშნავს ტრანზაქციების დროს. 

არაფერი არ დამინახავს, რაც არ მინახია, ვერც ვნახავდი", - პასუხობს მოწმე. 

შეგახსენებთ, რომ ისევე როგორც ზაალ ბერუაშვილმა, ასევე პროკურატურის სხვა მოწმეებმა ვერ დაადასტურეს ის, რასაც სახელმწიფო ბრალდება ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელს ედავება - ფულის გათეთრების საქმე. 

ცნობისთვის, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო. საქმეში ერთერთი მთავარი ფიგურანტი ტვ პირველის დამფუძნებელი ავთანდილ წერეთელია, რომელსაც პროკურატურა  TBC ბანკის დამფუძნებლებისათვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას.

2020 წლის 14 მაისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” გამოაქვეყნა დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტის, პოლინ დევიდის მიერ მომზადებული დასკვნა „თიბისი ბანკის“ საქმეზე ფულის გათეთრების სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით. დასკვნაში ნათქვამია, რომ არ არსებობს რაიმე საფუძველი იმის დასამტკიცებლად, რომ მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ ან ავთანდილ წერეთელმა, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, ფულის გათეთრების დანაშაული ჩაიდინეს.