ნადირობა აქციის მონაწილეებზე - სპეცრაზმის სამიზნე ჟურნალისტებიც აღმოჩნდნენ
ნადირობა აქციის მონაწილეებზე - გუშინ ღამით სპეცრაზმის სამიზნე ჟურნალისტებიც გახდნენ. "პირველების" კამერამ გადაიღო კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ უსწორდებიან "პუბლიკას" ჟურნალისტს, ალექსანდრე ქეშელაშვილს.
ფიზიკურად გაუსწორდნენ ასევე "ტაბულას" ჟურნალისტს, გიორგი ბადრიძესა და გამოცემა "აპრილის" ჟურნალისტს, გიორგი ბასხაჯაურსაც.
მედიის წარმომადგენლები "პირველებთან" მომხდარის დეტალებს იხსენებენ და პირდაპირ ამბობენ, რომ სპეცდანიშნულების რაზმები მათ პროფესიულ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ და სასტიკად უსწორდებოდნენ.
როგორც კი წინა ხაზიდან სატელევიზიო მედია გავიდა, დაიწყეს თავდასხმა მონაწილეებზე. შემათრიეს ჯგუფში, დამაგდეს ძირს და რამდენიმე სპეცრაზმელი მირტყამდა სახეში და თავში. მათ შორის იყო ერთ-ერთი, რომელსაც ჰომოფობიური მომართვები ჰქონდა. მე ვეუბნებოდი მუდმივად, რომ ვარ ჟურნალისტი, მაგრამ არ აინტერესებდათ. იქიდან ვიღაცები დასაკავებლად წაიყვანეს. სავარაუდოდ, იმიტომ არ დამაკავეს, რომ ჟურნალისტი ვარ. მითხრეს, რომ ჭკუას ვისწავლიდი", - ამბობს ჟურნალისტი.